შპს ”ახალი ქსელების” № N34 და შპს ”ახტელი”-ს № N64 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006
მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” (06.07.2006 №6/513-06) და შპს ”ახტელმა” (27.07.2006 №6/558-06) კომპანიების კუთვნილი N34 და N64 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. შპს “ახალი ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N34 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები: 21, 245XXX-249XXX, 32, 33, 52, 53, 54, 57, 58, 59, 65 და 69;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2006 წლის 21 აგვისტომდე.
2. შპს “ახტელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N64 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 455XXX-459XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2006 წლის 21 აგვისტომდე;
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 1 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს, ხოლო თუ ამ წლის განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, – იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს; ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.
კომისია აღნიშნავს, რომ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამართულია - 2006 წლის 2 ივნისს. სულ ჩატარებულია 8 აუქციონი 41,000 საბონენტო ნომერზე, აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 101,325.00 ლარი. აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულმა 1000 ნომერზე შეადგინა 2,471.34 ლარი.
შპს ”ახალ ქსელებს” მოქმედების ვადა უგრძელდება 115,000 სააბონენტო ნომერზე, ხოლო შპს ”ახტელს” 5000 სააბონენტო ნომერზე. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ გადახდილ უნდა იქნას 115 x 2,471.34 = 284,204.1 (ორას ოთხმოცდაოთხი ათას ორას ოთხი ლარი და ათი თეთრი) ლარი, ხოლო შპს ”ახტელი”-ს მიერ გადახდილ უნდა იქნას 5 x 2,471.34 = 12,356.7 (თორმეტი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის”-ს მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1 000 ლარი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”ახალი ქსელები”-ს № N34 ლიცენზიას - 2016 წლის 21 აგვისტომდე;
2. უზრუნველყოს შპს ”ახალმა ქსელებმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 284,204.1 (ორას ოთხმოცდაოთხი ათას ორას ოთხი ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 11 სექტემბრამდე;
3. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”ახტელი”-ს № N64 ლიცენზიას - 2016 წლის 21 აგვისტომდე;
4. უზრუნველყოს შპს ”ახტელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 12,356.7 (თორმეტი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 11 სექტემბრამდე;
5.ა) შპს ”ახალი ქსელები”-ს მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (284,204.1 -ორას ოთხმოცდაოთხი ათას ორას ოთხი ლარი და ათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043018;
ბ) შპს ”ახტელი”-ს მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (12,356.7 - თორმეტი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (დიდუბე-ჩუღურეთი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300023018;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიების ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
