წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 353 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, “კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი, კომისიის თავმჯდომარის უფლებები და მოვალეობები, კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა, მათი დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, კომისიის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კომისიის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის გარემოებები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, “კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ისეთ საკითხზე, რომელიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა, კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული წრისთვის”.

კომისია აღნიშნავს, რომ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის N326 ბრძანებულება გამოცემულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონი ძალადაკარგულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების ფაქტით.  “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, “იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე  მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად”.

შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ იგი უფლებამოსილია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამოუკიდებლად განსაზღვროს კომისიის აპარატის ახალი სტრუქტურა და დაამტკიცოს კომისიის ახალი საშტატო ნუსხა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლისა და  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის აპარატის სტრუქტურა თანდართული ფორმით (დანართი 1):

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტი;

გ) სამართლებრივი დეპარტამენტი;

დ) მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი;

ე)  მონიტორინგის დეპარტამენტი;

ვ) რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტი;

ზ) საფინანსო დეპარტამენტი;

თ) სამეურნეო დეპარტამენტი.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებად განისაზღვროს:

ა)  კომისიის საკანცელარიო საქმისწარმოება; კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრული ვადების დაცვის უზრუნველმყოფი ღონისძიებებისა და სისტემატური მონიტორინგის განხორციელება; კომისიის აპარატში საქმიანი დოკუმენტბრუნვის ორგანიზება; საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა;  კომისიის საიდუმლო ხასიათის დოკუმენტაციის საქმისწარმოება;

ბ) კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული კომისიის აპარატის დეპარტამენტების მიერ შესასრულებელი დავალებების შესრულების,  კომისიის თავმჯდომარის ბრძანებებით, კომისიის საოქმო  დავალებებით და კომისიის მონაწილეობით გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვადების დაცვის სისტემატური მონიტორინგის განხორციელება; კომისიის აპარატში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება;

გ) კომისიის სხდომებისა და აპარატის სამუშაო თათბირების გამართვის ორგანიზება; კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტების შედგენა და ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება; კომისიის საოქმო და  საარქივო საქმისწარმოებები;

დ)  კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების საჯაროობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის ორგანიზება და საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

ე)   ადამიანური რესურსების მართვა და შრომითი მოტივაცია; კომისიის აპარატის მუშაკთა საკადრო საქმისწარმოება და კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის განხორციელებაზე მონიტორინგი;

ვ)  რადიოსიხშირული და ნუმერაციის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარების ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, აგრეთვე ლიცენზიის გაუქმების (გარდა ლიცენზიის გაუქმების სანქციის სახით გამოყენებისა) თაობაზე; უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;

ზ)  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში პირთა საქმიანობის  ავტორიზაცია და ავტორიზებულ პირთა რეესტრის წარმოება;

თ)   კომისიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა (საინფორმაციო-პროგრამული სისტემებისა და შიდა-გლობალური  ქსელების მართვა და კომპიუტერული ბაზის  ადმინისტრირება);

 3. სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებად განისაზღვროს:

ა)   კომისიის საქმიანობის სტრატეგიული გეგმებისა და პროექტების მომზადება;  კომისიის საქმიანობის წლიური ანაგარიშის პროექტის მომზადება;

ბ)  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის განვითარების ტენდენციების კვლევა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზი (კომისიის საერთო სტატისტიკური საანგარიშგებო ბაზის მართვა), პერიოდული მიმოხილვის მომზადება, განვითარების სტრატეგიული მიმართულებების თაობაზე წინადადებათა შემუშავება და პროექტების დაგეგმვა კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტების ფუნქციების გათვალისწინებით;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ცალკეული სეგმენტების კონკურენტუნარიანობის კვლევა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე პირების დადგენა და მათზე დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებებისა და პირობების განსაზღვრა; შერწყმისა და წილების შეძენის კვლევა და ანალიზი;

დ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და სამაუწყებლო ბაზრის სეგმენტებზე კომისიის გადაწყვეტილებათა გავლენის შედეგების ანალიზი; კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტების მიერ მომზადებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების ეკონომიკური ექსპერტიზა სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების, კომისიის მიერ მომზადებული საქმიანობის სტრატეგიული გეგმებისა და პროექტების განხორციელებისას დასახული მიზნების გათვალისწინებით;

ე)  კომისიის წევრების, კომისიის აპარატის მუშაკების, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების, აგრეთვე ყველა დაინტერესებული პირის (სათანადო მომართვის შემთხვევაში) მაუწყებლობისა და კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების ეკონომიკური და ტექნიკური შინაარსის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე კონსულტირება;

ვ)     კომისიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანობის კოორდინაცია.

 4. სამართლებრივი დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებად განისაზღვროს:

ა)   ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე პირებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; კომისიაში სხვა უწყებებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების პროექტების მომზადება;

ბ)  კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა ან/და კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტების მიერ მომზადებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ)   კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის სასამართლოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმომადგენლობა;

დ)  კომისიის წევრების, კომისიის აპარატის მუშაკების, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების, აგრეთვე ყველა დაინტერესებული პირის (სათანადო მომართვის შემთხვევაში) მაუწყებლობისა და კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესახებ  კონსულტირება;

ე)  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომხარებელთა საჩივრების ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის მომზადება და წარმართვა, აგრეთვე, ერთი მხრივ, ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა და, მეორე მხრივ, მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ვ)  ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვის ადმინისტრაციული წარმოება;

ზ)   კომისიის აპარატის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი სამსახურებრივი ბარათისა და დასკვნის,  შემოწმების აქტის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, დამრღვევი ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა  (სააღსრულებო წარმოება);

თ)   კომისიის სახელით გასაფორმებელი კონტრაქტების პროექტების მომზადება და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხების მომზადება.

 5. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებად განისაზღვროს:

ა) საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და მისი გათვალისწინებით ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შემუშავების ორგანიზება; ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის ტელერადიომაუწყებლობის დამტკიცებულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება;

გ) მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად სამაუწყებლო კონკურსის ჩატარების  მიზნით ადმინისტრაციული წარმოება; ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების, მოდიფიცირების,  ლიცენზიის გაუქმების (გარდა ლიცენზიის გაუქმების სანქციის სახით გამოყენებისა) თაობაზე;

დ) ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და/ან შეთანხმებებით, აგრეთვე სამაუწყებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის – მაუწყებლობის შესახებ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონების, ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის, კომისიის სხვა დადგენილებებით განსაზღვრული, აგრეთვე კომისიის გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგი და შემოწმება, შემოწმების აქტის შედგენა;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კომისიის ურთიერთობის ორგანიზება და კომისიის საქმიანობაზე ყოველთვიური პრეს-რელიზის მომზადება; კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება, აგრეთვე კომისიის საქმიანობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ანოტაციების მომზადება;

ვ) საზოგადოებასთან კომისიის ურთიერთობის უზრუნველყოფა.

 6. მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებად განისაზღვროს:

ა)   ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, ავტორიზებული პირებისა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესარულებაზე მონიტორინგი და შემოწმება; შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ბ)   კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შესრულების  მონიტორინგი და შემოწმება; შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

გ)   ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფობელთა მიერ გამოყენებული ქსელებისა და საშუალებების (მოწყობილობების) აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

დ)   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე პირთა მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებაზე კონტროლი, დარღვევათა გამოვლენა და შემოწმების აქტების შედგენა;

ე)   სალიცენზიო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და რეგულირების საფასურის შესაბამის ანგარიშებზე გადახდის კონტროლი და შესაბამისი შემოწმების აქტის შედგენა, დარღვევათა გამოვლენისას შემოწმების აქტის სამართლებრივ დეპარტამენტში მიმართვა.

7. რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებად განისაზღვროს:

ა) რადიოსიხშირეთა ეროვნული გეგმის მოდიფიცირება, რადიოსიხშირული სპექტრის დაგეგმარებისა და განაწილების, ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და საერთაშორისო კოორდინაციის უზრუნველყოფა, რადიომონიტორინგის სისტემის ტექნიკური უზურნველყოფა და მართვა;

ბ)  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მონიტორინგი და გამოვლენილ ხელშეშლებზე რეაგირება;

გ)  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადგენილი წესით რადიოსახმობების, ამოცნობის ნიშნებისა და რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

დ) სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარებისა და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების განსაზღვრა და მოდიფიცირება არსებული პრაქტიკისა და რადიომოყვარულთა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარების წესების რეგულირება   და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების კოორდინაცია.

8. საფინანსო დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებად განისაზღვროს:

ა)   კომისიის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება;

ბ)  კომისიის წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტთან კოორდინირებულად  და კომისიის წლიური  ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება;

გ)   სალიცენზიო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და რეგულირების საფასურის შესაბამის ანგარიშებზე გადახდის აღრიცხვის ყოველთვიური ანალიზი და შედეგების მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება; 

9.  სამეურნეო დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებად განისაზღვროს:

ა)     კომისიის აპარატის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური პირობების უზრუნველყოფა;

ბ)    სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფითი საქმიანობა და კომისიის ქონების მართვის ორგანიზება.

10. კომისიასთან მოქმედი და კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებელი მომხმარებელთა  ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა)  ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროების მომხმარებელთა  უფლებებისა და კანონიერი  ინტერესების დაცვა, მათ შორის მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათ თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროების მომხმარებლებზე კომისიის სარეგულაციო გადაწყვეტილებათა გავლენის შედეგების ანალიზი და პროგნოზირება; კომისიის მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე;

გ)  მომხმარებლის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირებთან დავაში, კომისიაში, აგრეთვე სასამართლოში.

  11.  დამტკიცდეს კომისიის აპარატის საშტატო ნუსხა თანდართული ფორმით (დანართი 2);

   12. კომისიის აპარატის  ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მუშაკთა გადაყვანა განხორციელდეს 2006 წლის 11 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე;

  13. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში კომისიის დებულების დამტკიცების წესის განმსაზღვრელი ნორმის დამატების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება;

  14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ) ერთი თვის ვადაში;

 15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე ეთხოვოს კომისიის წევრ გ. ფრუიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                 დიმიტრი ქიტოშვილი

წევრი                                                                                                   დავით პატარაია

წევრი                                                                                                   გიორგი ფრუიძე

წევრი                                                                                                  ზურაბ ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები