წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 354 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2006

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2006

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №273/10 გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში  გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს „მაგთიკომი“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2006 წლის 2 აგვისტოს შპს „მაგთიკომმა“ კომისიას მიმართა წერილით (02.08.2006 №6/574), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ სრულად არის გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 11 ივლისს 1 თვის ვადაში, კერძოდ - 14,250.00 (თოთხმეტი ათას ორას ორმოცდაათი ლარი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”მაგთიკომს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N72 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-91;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე) :

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                                დ.პატარაია

                                                                                             გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები