საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2006
მიღების თარიღი იანვარი 27, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირება, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღება, მათ შესრულებაზე მონიტორინგი და კონტროლი, გამოვლენილი დარღვევებისთვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამავე კანონით დადგენილი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია „შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“.
კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 13 ოქტომბერს № 6/760-05 წერილით კომისიას მიმართა ინდივიდუალური საწარმო „კონსტანტინე ასათიანმა“, რომელიც ფლობს № 1452 ლიცენზიას, 2.2გჰც-2.4გჰც სიხშირულ ზოლში ხელშეშლების წარმოქმნის შესახებ.
წინასწარი გამოკვლევების შედეგად დადგინდა რომ, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“, რომელიც ფლობს №1319 ლიცენზიას (მონაცემთა გადაცემა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება), მისი ტერმინალური დანადგარები, რომლებიც განლაგებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქ. თბილისში, აკურის ქუჩა № 7 მდებარე შენობის სახურავზე, ფუნქციონირებენ არალიცენზირებად, ნებადართულ 2.4გჰც-2.5გჰც სიხშირულ ზოლში და ამავდროულად მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, 2.2გჰც-2.4გჰც სიხშირეების ფარგლებში, რაც საეთერო ხელშეშლების წარმოქმნის მიზეზია.
აღნიშნული ხელშეშლების თაობაზე კომისიამ წერილობით 2005 წლის 18 ნოემბერს მიმართა საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ ხელმძღვანელობას, რათა მიეღოთ გარკვეული ზომები, რის შემდეგ ასევე წერილობით 2005 წლის 2 დეკემბერს საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენამ“ განაცხადა რომ, უზრუნველყოფდა 2.4გჰც-2.5გჰც ზოლს გარეთ გამოსხივების უმოკლეს ვადაში შეწყვეტას, რაც კომპანიას არ განუხორციელებია.
2.2გჰც -2.4გჰც სიხშირულ დიაპაზონში წარმოქმნილი ხელშეშლების აღმოფხვრის მიზნით 2005 წლის 27 დეკემბერს კომისიამ მიიღო № 810/20 გადაწყვეტილება „2.2გჰც -2.4გჰც სიხშირულ დიაპაზონში წარმოქმნილი ხელშეშლების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით მონიტორინგის ჩატარების შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ.გოთოშია) დაევალა, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ ტერმინალური დანადგარების გამოსხივების შემოწმების უზრუნველყოფა და მონიტორინგის შედეგების არსებული ფორმით კომისიისთვის წარდგენა;
კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2005 წლის 29 დეკემბერს, კომისიის აპარატის მინიტორინგის სამსახურის უფროსის მ.გოთოშიას და სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის უფროსი ინჟინრის ნ.კონდოლელის მიერ, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ წარმომადგენლის თანდასწრებით, ჩატარდა „გრენას“ ტერმინალური დანადგარების მონიტორინგი.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა რომ, 2.2გჰც -2.4გჰც სიხშირულ დიაპაზონში ხელშეშლები კვლავ არსებობს და მათი წარმოქმნა, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ ტერმინალური დანადგარების სავალდებულო ტექნიკური პარამეტრების დარღვევით ფუნქციონირების მიზეზით არის გამოწვეული.
მონიტორინგის შედეგები წერილობით დაფიქსირდა შემოწმების აქტში, რომელიც კომისიის აპარატის წარმომადგენლებისა და „გრენას“ ხელმძღვანელობის ხელმოწერით იქნა დადასტურებული.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ მიერ გამოსწორებული იქნა ზემოაღნიშნული დარღვევა და შესაბამისად აღარ არსებობს სიხშირულ დიაპაზონში ხელშეშლები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-18, მე-19 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ გაფრთხილების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სასმსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
დ. პატარაია
ზ. ნონიკაშვილი
