შპს „მეგაკომი“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 25 ივლისს კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მეგაკომმა” (25.07.2006 №6/550-06) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მეგაკომს”-ს კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის №577/13 გადაწყვეტილებით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით მინიჭებული აქვს 6620.00 მგჰც, 6960.00 მგჰც, 6700.00 მგჰც და 7040.00 მგჰც სიხშირეები, ზოლის სიგანით 40 მგჰც, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ლაგოდეხი, თბილისი-რუსთავი, კოჯორი-გუდაური და გორი-ახალციხის მონაკვეთებზე რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის ერთი წლის ვადით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მეგაკომი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 18.08.2005; რეგისტრაციის №13/1), ამავე დროს შპს ”მეგაკომი”-ს მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1000 ლარი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”მეგაკომზე” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა 10 წლის ვადით - 2016 წლის 8 სექტემბრამდე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F30 ლიცენზია შპს ”მეგაკომს” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 6620.00 მგჰც, 6960.00 მეგჰც, 6700.00 მგჰც და 7040.00 მგჰც სიხშირეები ზოლის სიგანით 40 მგჰც, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ლაგოდეხი, თბილისი-რუსთავი, კოჯორი-გუდაური და გორი-ახალციხის მონაკვეთებზე რადიოსარელეო კავშირებისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 8 სექტემბრამდე;
2. დაევალოს შპს ”მეგაკომს” წარმოუდგინოს კომისიას მონაცემები ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში განსაზღვრული მაგისტრალური მიმართულების მონაკვეთზე აღნიშნული სიხშირული ზოლების მონაცვლეობითი გამოყენების წესის შესახებ.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი; ნ.ნიჟარაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
