წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”ინფოჯორჯია XXI” შორის დავის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 411 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 22, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2006 წლის 12 სექტემბერს მიმართა  სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” (№6/649-06), ასევე 2006 წლის 13 სექტებმერს  სს ”ინფოჯორჯია XXI”-მა (№6/658-06) მათ შორის  არსებული დავის განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: სს ”საქართველოს ელექტროკავშირი” (ამჟამად სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”) არის  სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფლობს ამ   კომპანიის აქციათა  19.5 %-ს. მეორე დამფუძნებლის  შპს  ”ინფოჯორჯია”-ს  აქციათა რაოდენობა შეადგენს 80.5%-ს. აქციონერებს აღნიშნული წილების შესაბამისად უნდა განეხორციელებინათ შესატანი მათ მიერ დაფუძნებული საზოგადოების  საწესდებო კაპიტალში, რომლის ოდენობა განისაზღვრა 403 500 ლარით. აქედან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  ფულადი ღირებულება განისაზღვრა 71000 ლარით, ხოლო    შპს ”ინფოჯორჯი ”-ისა -  332500 ლარით. შენატანი აქციონერთა მხრიდან განხორციელდა არაფულადი აქტივების სახით. შპს ”ინფოჯორჯია” მიიჩნევს რომ მან გადააჭარბა თავის წილობრივ შენატანს 7680 ლარით, ხოლო იგივე თანხა დააკლდა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შესატანის სრულად განხორციელებამდე. მიუხედავად სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” არა ერთი გაფრთხილებისა, მის მიერ დღემდე არ მომხდარა ამ თანხის დაფარვა.  ამავე დროს, აუდიტორული დასკვნის მიმართ ეჭვის გამო, საწესდებო კაპიტალში განხორციელებული აქტივების შეფასების გადამოწმების მიზნით  სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის მიერ მოწვეული  აუდიტორული ფირმის მიერ დადგინდა რომ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიი”-ს შენატანი ნაცვლად 71000 ლარისა  განხორციელებული აქვს მხოლოდ 39700 ლარის ოდენობით, რის გამოც, 2006 წლის 28 სექტემბერს დანიშნულ აქციონერთა საერთო კრებაზე სს  ”ინფოჯორჯია XXI” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”   საზოგადოებიდან გარიცხვას მოითხოვს. ამასთან, თავის მხრივ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მისი აქციონერთა რიგებიდან გარიცხვის შემთხვევაში აპირებს შეუწყვიტოს სს ” ინფოჯორჯია XXI”-ს მომსახურება.

მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2006 წლის 22 სექტემბერს .

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

სს ”ინფოჯორჯიას XXI ”- ის წარმომადგენელი თ. ხონელია.

 სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი  უ. სეთური.

კომისია აღნიშნავს, რომ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტას ახორციელებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში განსაზღვრულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-11 მუხლით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და   სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს შორის  არსებული დავის საგანი - აქციონერთა შორის წილობრივი დავის შესახებ რეგულირდება ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით და  არ უკავშირდება კომისიისათვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, რაც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის  საფუძველია.

კომისია ყურადრებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მიერ მომსახურება შეწყვეტილი არა აქვს ”ინფოჯორჯია XXI”-ს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწონებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”ინფოჯორჯია XXI”  შორის დავის თაობაზე  ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1ა) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

წევრი                                                                                     დ. პატარაია   

წევრი                                                                                     გ. ფრუიძე

წევრი                                                                                    ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები