წვდომის მენიუ

შპს ”მეტაკომსა” და შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 414 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შედგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 22 სექტემბრის №408/16 გადაწყვეტილებით, მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”მეტაკომსა”   და შპს  ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” შორის დავის განხილვის დღე დაინიშნა 2006 წლის 29 სექტემბერს.

შპს  ”მეტაკომის”  მოთხოვნას შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიმართ წარმოადგენს: 2003 წლის 1 სექტემბერს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ცალკეული პირობების გადასინჯვა და მათი მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, კერძოდ :

1. შპს ”მეტაკომის” მიერ სატელეკომუნიკაციო კანალიზაციით სარგებლობისათვის დადგენილი ტარიფების გადასინჯვა (გაზრდა);

2. ტრანზიტის გადასახადის - 0,025 ლარის შემცირება;

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0,25%-ის შემცირება 0,1% -მდე.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

 შპს ”მეტაკომის” წარმომადგენლები: ი. მეკოკიშვილი, კ. ქოჩიაშვილი.

 შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” წარმომადგენლები: ნ. შარაშენიძე, მ. ალბორაშვილი.

შპს ”მეტაკომის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ:

 პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით, შპს ”მეტაკომს” კომისიაში წარმოდგენილი აქვს ურთიერთჩართვის ახალი ტარიფები და სურს, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან” მოხდეს   ურთიერთჩართვის ძველი ხელშეკრულების  გადასინჯვა, რათა შემდგომში მასთან  ახალი ტარიფებით აწარმოოს ანგარიშსწორება.  მეორე საკითხთან დაკავშირებით, შპს ”მეტაკომის” წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ  ითხოვს ტრანზიტის გადასახადის შემცირებას იქიდან გამომდინარე, რომ თუ აქამდე ტრანზიტის გადასახადის დაფარვა წარმოებდა კომისიის მიერ ზარის წამოწყებისა და დასრულებისათვის დადგენილი 6 თეთრიდან,  კომისიის მიერ ამისათვის ახლა 6 თეთრის ნაცვლად დადგენილია 4 თეთრი, აქედან 2,5 თეთრი არის ტრანზიტის გადასახადი მეორე კომპანიისათვის, ხოლო მის კომპანიას რჩება 1,5 თეთრი, ნაცვლად 3,5 თეთრისა. შპს ”მეტაკომი” თანახმაა გადაიხადოს ტრანზიტისათვის  1 თეთრი ისე, როგორც სხვა კომპანიებთან დადებული  ანალოგიური ხელშეკრულებების შესაბამისად იხდის. მესამე მოთხოვნასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას 0,25% პირგასამტეხლოს ოდენობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მაშინ ერთადერთი საშუალება საერთაშორისო და მობილურ ქსელზე გასასვლელად იყო შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის ” ქსელი. სწორედ აბონენტების ინტერესებიდან გამომდინარე ჩაიდო ეს თანხა ხელშეკრულებაში, რაც დღევანდელი პრაქტიკისათვის შეუსაბამოა.

    შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თანახმაა შპს ”მეტაკომთან”  აწარმოოს მოლაპარაკებები  საჩივარში დასმული საკითხების მოსაგვარებლად  და მიაჩნია, რომ პირველი საკითხის გადაწყვეტისათვის პრობლემატურია შპს ”მეტაკომის” კუთვნილებაში არსებული კანალიზაციის სიგრძის განსაზღვრა, რაც დღეის მდგომარეობით დაზუსტებული არ არის. სწორედ ამიტომ, შპს ”მეტაკომთან” ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არა კილომეტრაჟით, არამედ  პირდაპირ თანხით, რაც განსაზღვრულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 4.8 პუნქტით და შეადგენს 122 ლარს. შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” ითხოვს  შპს ”მეტაკომმა” დააზუსტოს მისი კუთვნილი კანალიზაციის სიგრძე და თუ კანალიზაციის სიგრძიდან გამომდინარე გადაწყდება გაზრდილი ანგარიშსწორების საჭიროება, ის თანახმა იქნება ამაზე, ვინაიდან მისი კომპანია კანალზაციის სრულ მანძილზე იხდის თანხას. 

კომისია,  შპს ”მეტაკომის”  საჩივარში წამოყენებულ მოთხოვნებთან  დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი, მართალია, ითვალისწინებს ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით: ”თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს  ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს  შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა”.  

შპს ”მეტაკომის” საჩივრიდან არ ირკვევა, რომელი გარემოების შეცვლაზე მითითებით ითხოვს მომჩივანი ხელშეკრულების ცალკეული პირობების გადასინჯვას, ანუ გაუგებარია ხელშეკრულების დადების შემდეგ რა არსებით ცვლილებებს ჰქონდა ადგილი, რომელთა გათვალისწინებაც მხარეებს ხელშეკრულების დადების პერიოდში არ შეეძლოთ. შპს ”მეტაკომის” მიერ მოყვანილი არგუმენტაცია, რომ გარემოებები შეცვალა კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის № 656/22 გადაწყვეტილებამ, კომისიის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას მხარეებისათვის სატარიფო რეგულირების ვალდებულება არ დაუკისრებია. მხარეები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის გათვალისწინებული ტარიფის ოდენობებს და ურთიერთშეთანხმებით ახდენენ ანგარიშსწორებას, ან ურთიერთშეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიას მიმართავენ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩაატაროს კვლევა და განსაზღვროს ავტორიზებული პირი ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად. იმ შემთხვევაში,  თუ  ერთ-ერთი მხარე სადავოდ მიიჩნევს მეორე მხარის მიერ შემოთავაზებულ ტარიფს, რომელიც დადგენილია ამ მხარის მიერ ბაზრის იმ სეგმენტზე, სადაც იგი განსაზღვრულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად, მოდავე მხარე უფლებამოსილია  მოითხოვოს კომისიისაგან  ასეთი კომპანიისათვის  სატარიფო ვალდებულებების დაკისრება და ზღვრული ტარიფის დადგენა. კომისია განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, მოდავე მხარეებს ასეთი მოთხოვნით მისთვის  არ მიუმართავთ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მეტაკომი” შეცვლილ გარემოებებზე მითითებით ითხოვს ხელშეკრულების გადასინჯვას, ხოლო  შეცვლილი გარემოებების არარსებობის გამო, მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.    

 კომისიას მიაჩნია რომ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირგასამტეხლოს 0.25%-ის 0,01%-მდე შემცირებათან დაკავშირებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნიშნული  პირობის გადასინჯვა კომისიის კომპეტენციას არ წარმოადგენს და იგი მხარეების, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირების  შეთანხმების საგანია.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას შპს ”მეტაკომს” საჩივრის დაკმაყოფილებაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                                                       დ. პატარაია

                                                                                       გ. ფრუიძე

                                                                                         ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები