შპს “მეგა ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობებლებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისიის სამრთლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიაში 2006 წლის 28 აგვისტოს შემოვიდა შპს “რიონის” წერილი № 6/616-06, რომლითაც იტყობინება, რომ შპს “მეგა ტვ” (რეგისტრირებული ქ. ხონის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 ნოემბრის № 58/4-21 დადგენილებით), რომელიც ფლობს № B74 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერეო ტელემაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე ქ. ხონში და მის მიმდებარე რაინოებში), არღვევს კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის №584/2 გადაწყვეტილებით დადგენილ საკონტროლო წერტილებში სიგნალის დონის ზღვრებს რითაც სცდება განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონას და მაუწყებლობს ქ. ქუთაისში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ (მ. გოთოშია) 2006 წლის 13 სექტემბერს ჩატარდა შემოწმება და შედგა შემოწმების აქტი, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ შპს “მეგა ტვ”-ის მიერ მართლაც დარღვეულია კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის № 584/2 გადაწყვეტილების მოთხოვნები, კერძოდ ქ. ქუთაისში 35 დბ (მკვ/მტ) ნაცვლად სიგნალის დონე არის 44 დბ (მკვ/მტ), აგრეთვე სოფელ ქვიტირში ნაცვლად 39 დბ (მკვ/მტ)-სა არის 43 დბ (მკვ/მტ), ქ. წყალტუბოში სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 42 დბ (მკვ/მტ)-ის ნაცვლად არის 40 დბ (მკვ/მტ)-ი.
კომისიის სამართლებრივმა დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები საფუძველი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად შპს “მეგა ტვ”-ს გაფრთხილების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა.
2006 წლის 29 სექტემბერს კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მეგა ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე და წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა შპს “მეგა ტვ”-ის.
შპს “რიონი”-ს გენ.დირექტორი თამარ ღვინიანიძე მის 2006 წლის 23 აგვიტოს წერილში აყენებს შემდეგ მოთხოვნებს:
1. შპს “მეგა ტვ”-იმ დააბრუნოს მობილური ანტენა ზვიად გამსახურდიას ქ.№13-დან კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №561/13 გადაწყვეტილებაში მითითებულ მისამართზე (სს “საქართველოს ელექტროკავშირის” შენობა) და გამოიყენოს იგი დანიშნულებით;
2. შეწყვიტოს უკანონო მაუწყებლობა ქ. ქუთაისში, მათ შორის, საკაბელო ქსელებში და დაუბრუნდეს № B74 ლიცენზიით გათვალისწინებულ სამაუწყებლო არეალს ქ. ხონში და მიმდებარე რაიონები – ხონი, მარტვილი, წყალტუბო, სამტრედია;
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი წარმოების მასალების შესწავლის საფუძველზე აღნიშნავს, რომ შპს “მეგა ტვ”-ის კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №561/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეები განსაზღვრული აქვს ქ. ქუთაისიდან პირდაპირი (მობილური) სატელევიზიო ჩართვების განხორციელების მიზნით, სიგნალის მისაწოდებლად ქ. ხონში შპს “მეგა ტვ”-ის სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტამდე და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიული დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით. კომისიის სამართელბრივი დეპარტამენტი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შპს “მეგა ტვ”-ის სტაციონარული რადიოსარელეო ხაზი განთავსებული აქვს ქ. ქუთაისში გამსახურდიას ქ.13-ში, ნაცვლად მისთვის კომისიის მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტერიტორიის - ქ. ქუთაისში სს”საქარველოს ელექტროკავშირის” შენობისა.
რაც შეეხება შპს “რიონის” მეორე მოთხოვნას შეწყვიტოს შპს “მეგა ტვ”-იმ უკანონო მაუწყებლობა ქ. ქუთაისში, კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს “მეგა ტვ”-ის პროგრამები მართლაც ვრცელდება ქ.ქუთაისში, რასაც ადასტურებს საქმეზე დართული არა ერთი მტკიცებულება, მათ შორის შპს “მეგა ტვ”-ის სარეკლამო განცხადებები ადგილობრივ პრესაში და საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში. ამასთან, როგორც კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნიდან ირკვევა, შპს”მეგა ტვ”-ის სარელეო ანტენას გააჩნია, როგორც გვერდითი, ისევე უკანა გამომსხივებლები და რადიო სარელეო სიგნალს ქ. ქუთაისში საკაბელო ტელევიზიები იღებენ საყოფაცხოვრებო მიმღებებით.
სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს “მეგა ტვ”-ის მიერ მართლაც დარღვეულია კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის № 584/2 გადაწყვეტილების მოთხოვნები, კერძოდ ქ. ქუთაისში 35 დბ (მკვ/მტ) ნაცვლად სიგნალის დონე არის 44 დბ (მკვ/მტ), აგრეთვე სოფელ ქვიტირში ნაცვლად 39 დბ (მკვ/მტ)-სა არის 43 დბ (მკვ/მტ), ქ. წყალტუბოში სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 42 დბ (მკვ/მტ)-ის ნაცვლად არის 40 დბ (მკვ/მტ)-ი. აგრეთვე კომპანიის მიერ დარღვეული კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №561/13 გადაწყვეტილების მოთხოვნა სტაციონარული რადიოსარელეო ხაზის განთვსების ადგილის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, მის მიერ გაზრდილია სამაუწყებლო არეალი.
კომისიამ გაიზიარა სამსართლებრივი დეპარტამენტის მოსაზრებები და საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად, “მაუწყებლობის შესახებ” საქარველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაფრთხილდეს შპს “მეგა ტვ” კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის № 584/2 და 2005 წლის 5 აგვისტოს № 561/13 გადაწყვეტილებების მოთხოვნათა დარღვევის გამო;
2. დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შპს “მეგა ტვ”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილებების ზედმიწევნით შესრულება და საქართველოს კანონდებლობის მოთხოვნათა დაცვა, კერძოდ: შეუსაბამოს სიგნალის დონეები და სტაციონარული რადიოსარელეო ხაზის განთავსების ადგილი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
3. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად, შპს “მეგა ტვ”-ის 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “მეგა ტვ”-სათვის, შპს “რიონი” -სათვის, და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
დ.პატარაია
