შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ” საბატელს” შორის დავის შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2006 წლის 21 სექტემბერს მიმართა შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა” შპს ” საბატელთან” დავის განხილვის მოთხოვნით. 2006 წლის 29 სექტემბერს კომისიამ მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა მხარეთა მოთხოვნები სადავო საკითხებთან დაკავშირებით და დავის განხილვა დანიშნა 2006 წლის 13 ოქტომბერს.
შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მოთხოვნას წარმოადგენს: 2005 წლის 01 მარტს შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”საბატელს” შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ”საბატელისათვის” დაგროვილი დავალიანების 103533,16 ლარის, აქედან მიმდინარე მომსახურების 21858,22 ლარის და საურავის 2720 ლარის გადაუხდელობა. ამ ვალის პერიოდული დაფარვის მიზნით 2006 წლის 16 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შეთანხმების ოქმი №9/11, რომლითაც შპს ”საბატელის” ხელმძღვანელობამ აღიარა არსებული ვალი და ერთობლივად შედგენილ იქნა დავალიანების დაფარვის ორწლიანი გრაფიკი. ვინაიდან, შპს ”საბატელი” სრულყოფილად არ ასრულებს შეთანხმების პირობებს, შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” კომისიისაგან ითხოვს მასსა და შპს ”საბატელს” შორის წარმოშობილ დავაში ჩარევას და მის დარეგულირებას.
შპს ”საბატელის” წარმომადგენელმა მ. სიხარულიძემ მოსამზადებლ სხდომაზე აღნიშნა, რომ მისდამი რწმუნებული კომპანია აღიარებს შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიმართ არსებულ დავალიანებას და განმარტავს, რომ ვალის გადაუხდელობა გამოწვეულია კომპანიის წინაშე არსებული ფინანსური პრობლემებით; დავის გადაწყვეტის მიზნით მას მიზანშეწონილად მიაჩნია კომპანიის ხელმძღვანელთა მოლაპარაკება ვალის რესტრუქტურიზაციის მიზნით. შემოთავაზებულ წინადადებას დაეთანხმა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” დირექტორი მ. სტეფანია. კომისიამ, დავის განხილვის დღე დანიშნა 2006 წლის 13 ოქტომბერს.
2006 წლის 12 ოქტომბერს კომისიამ მიიღო შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” დირექტორის მ. სტეფანიას განცხადება დავის შეწყვეტის თხოვნით, ვინაიდან შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”საბატელს” შორის 2006 წლის 11 ოქტომბერს დადებული იქნა შეთანხმების ოქმი № 46/11, რომლის თანახმადაც, შპს ”საბატელი” აღიარებს შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიმართ დაგროვილ დავალიანებას, რაც 2006 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით საურავთან ერთად შეადგენს 102480,83 ლარს. მათ შორის მიმდინარე ანუ სექტემბრის თვის სალდო შეადგენს 12230,94 ლარს და პირგასამტეხლო შეადგენს 2415,22 ლარს. ოქმს თან ერთვის ძველი დავალიანების გადახდის გრაფიკი, რაც შეთანხმების შემადგენელი ნაწილია. შპს ”საბატელი” იღებს ვალდებულებას 2006 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებული დავალიანება, 90249,89 ლარი, დაფაროს თანდართული გრაფიკის შესაბამისად მიმდინარე გადასახდელებთან ერთად. დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” შეუძლია დაარიცხოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგასულ დღეზე გადასახადი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
ამგვარად, შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა” უარი განაცხადა განცხადებაზე, ხოლო შპს ” საბატელმა” ცნო განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში, კომისია დავის საგნის სამართლებრივი შეფასებისა და კომისიის კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა :
1. შეწყვეტილ იქნას დავა შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ” საბატელს” შორის;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
