წვდომის მენიუ

შპს ”ვემატელი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და შპს ”ორბელი”-ს სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გ

ნომერი: 447 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის №373/10 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში 16XXX-19XXX (4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ვემატელი”, რომელმაც თანხმობა განაცხადა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 202,500.00 (ორას ორი ათას ხუთასი) ლარის გადახდაზე.

 აღნიშნული გადაწყვეტილებით  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად შპს ”ვემატელს” განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (60.750 .00 სამოცი ათას შვიდას ორმოცდაათი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 600.00 (ექვსასი ლარი) ლარი ანუ 60,150.00 (სამოცი ათას ას ორმოცდაათი ლარი) ლარის გადახდის წესი 2006 წლის  8 ოქტომბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვემატელი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში, 2006 წლის 8 ოქტომბრამდე, არ იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად: ”ერთი თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა.” ამავე დროს, დებულების მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ”თუ კომისიამ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისას მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელმაც აუქციონის მიმდინარეობისას დააფიქსირა აუქციონში გამოვლენილ გამარჯვებულთან შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა, ამავე დროს კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბე-ს სახით გადახდილი თანხა ( რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%).

კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 8 სექტემბერს გამართულ აუქციონში შპს ”ვემატელი”-ს გარდა მონაწილეობას იღებდნენ: სს ”ტელენეტი” და შპს ”ორბელი”. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 6000 ლარს + ერთი ბიჯი - 300 ლარი) დააფიქსირა სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა, შემდეგ ასევე ერთი ბიჯი დაამატა შპს ”ორბელმა”-ს წარმომადგენელმა (6300 ლარს + 300 ლარი), და ასევე ერთი ბიჯი შპს ”ვემატელი”-ს წარმომადგენელმა (6600 ლარს + 300 ლარი). სს ”ტელენეტი”-ს წარმომადგენელმა შემდეგი ბიჯის დასახელებამდე შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა და შესაბამისად აუქციონი გააგრძელეს შპს ”ორბელმა” და შპს ”ვემატელმა”.

შპს ”ორბელის” წარმომადგენლის მიერ ბოლოს დასახელებულმა რესურსით სარგებლობის საფასურის მაქსიმალურმა  თანხამ შეადგინა საწყის ღირებულებას (6000 ლარი) დამატებული 654 ბიჯი, ანუ ჯამში 202,200.00 (ორას ორი ათას ორასი) ლარი. აქვე აღსანიშნავია, რომ შპს ”ორბელს” კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბე-ს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას შპს ”ვემატელს” ქ.ბათუმში 16XXX-19XXX (4000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე და ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს შპს ”ორბელი”.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  უარი ეთქვას შპს ”ვემატელ”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე;

2.  ა) გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ორბელი”  ქ. ბათუმში 16XXX-19XXX (4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში;

   ბ) უზრუნველყოს შპს ”ორბელმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (202,200.00 - ორას ორი ათას ორასი ლარი) 30%-ს (60.660 .00 - სამოცი ათას ექვსას სამოცი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 600.00 (ექვსასი ლარი) ლარი ანუ 60,060.00 (სამოცი ათას სამოცი ლარი) ლარის გადახდა 2006 წლის  13 ნოემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043018;

    გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (141,154.00 - ას ორმოცდაერთი ათას ას ორმოცდათოთხმეტი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

3. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში;

4.   აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

5.  დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

6.  დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

                                    კომისიის წევრები                             დ.პატარაია

                                                                                                გ,ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები