საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2006 წლის 25 სექტემბერს მიმართა (წერილი N10/167-06 - 25.09.2006) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა პავლე ბერიამ (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველი”) მოთხოვნით, ავტორიზებული პირის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომხმარებელთა (აბონენტების) სატელეფონო კაბელების დაზიანებისა და დაზიანებათა აღმოუფხვრელობის თაობაზე შესულ საჩივრებზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.
საზოგადოებრივი დამცველი თავის მოთხოვნაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ დამცველს მიმართეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომხარებლებმა, კერძოდ შემოსულია:
1. ქ. თბილისის ბიჭვინთის ქუჩის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება ( 2005 წლის 5 დეკემბერი, №11/122), რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ მათ 2005 წლის სექტემბრიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან შეწყვეტილი აქვთ სატელეფონო მომსახურების მიწოდება;
2. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ბაღნარის ქუჩის მცხოვრებთა განცხადება (2006 წლის 24 თებერვალი და 12 აპრილი, №11/189), რომელშიც აღნიშნულია, რომ 2005 წლის ნოემბრიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან შეუწყდათ სატელეფონო მომსახურების მიწოდება;
3. ქ.თბილისის ანდრონიკაშვილის მე-2 შესახვევის №14-ში მცხოვრებთა განცხადება (2006 წლის 26 აპრილი, №11/265), რომლის თანახმად აღნიშნული ქუჩის მცხოვრებთ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან შეწყვეტილი აქვთ სატელეფონო მომსახურების მიწოდება 2006 წლის თებერვლიდან;
4. ქ. თბილისის ბაგების დასახლების სტუდქალაქში მცხოვრებთა განცხადება (2006 წლის 3 ივლისი, №11/345 და 4 ივლისი, №11/348), რომლის მიხედვითაც, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დაახლოებით 800 აბონენტს 2006 წლის მაისიდან დღემდე სატელეფონო მომსახურება არ მიეწოდებათ;
5. ქ. თბილისის სამგორის მე-2 დასახლების მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება (2006 წლის 7 ივლისი, №11/357), რომლის შესაბამისადაც, ირკვევა რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებს სატელეფონო მომსახურება არ მიეწოდებათ 2006 წლის აპრილიდან.
საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, მის მიერ დადგენილია, რომ ქ. თბილისის ლილოს დასახლების 3000 აბონენტს შეწყვეტილი აქვს სატელეფონო მომსახურება 2006 წლის 25 მაისიდან. მიუხედავად მომხმარებელთა არაერთჯერადი მოთხოვნისა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეწყო აღდგენითი სამუშაოები და მიეწოდებინა მომხმარებლებისთვის ინფორმაცია, თუ როდის აღმოიფხვრებოდა მომსახურების შეწყვეტის მიზეზები, აღდგენითი სამუშაოები დღემდე არ არის დაწყებული.
საზოგადოებრივი დამცველი დამატებით აცხადებს, რომ 2006 წლის 18 ივლისს მას ტელეფონის საშუალებით მიმართეს ქ.თბილისის სანერგე დასახლების მაცხოვრებლებმა, რომლებმაც შეატყობინეს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან სატელეფონო მომსახურება არ მიეწოდებათ 2006 წლის ივნისიდან.
საზოგადოებრივი დამცველი აღნიშნავს, რომ შემოსული განცხადებებისა და სატელეფონო შეტყობინებათა საფუძველზე მან არაერთხელ, წერილობით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეწყო აღდგენითი სამუშაოები და მიეწოდებინა მომხმარებლებისთვის ინფორმაცია მომსახურების შეწყვეტის მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე. საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციით, მიუხედავად კომპანიის წერილობითი დაპირებისა, დღემდე არ დაწყებულა აღდგენითი სამუშაოები, და უფრო მეტიც - საერთოდ უცნობია სამუშაოების დაწყების ვადები. საზოგადოებრივ დამცველის აზრით არსებული ვითარება საგანგებო ხასიათს იძენს, ვინაიდან მომხმარებლებს თვეობით არ მიეწოდებათ მომსახურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მომხმარებლებისადმი ამგვარი დამოკიდებულებით უხეშად არღვევს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ:
ა) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა;
ბ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებილი ხარისხის მომსახურება ასევე შეიცავს მომხმარებლისათვის სატელეფონო მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას.
გ) ამავე რეგლამენტის მე-15 მუხლის შესაბამისად, დაზიანების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს შეატყობინოს მომსახურების შეწყვეტის მიზეზისა და ხანგრძლივობის თაობაზე, ხოლო მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დროულად აღმოფხვრას დაზიანებები, რაც სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ არ ხორციელდება.
საზოგადოებრივი დამცველი მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება და ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად;
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება საზოგადოებრივი დამცველის 2006 წლის 25 სექტემბრის N10/167-06 მომართვის საფუძველზე.
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2006 წლის 3 ნოემბერს 16.00 საათზე, შემდეგ მისამართზე: თბილისი 0177, ალ. ყაზბეგის გამზირი 42.
3. საზოგადოებრივი დამცველი პ. ბერია ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ - სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომხმარებელთა (აბონენტთა) ინტერესების დასაცავად, ხოლო მოპასუხედ განისაზღვროს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ.ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
