შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებსა ” და სს ” საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2006 წლის 18 ოქტომბერს მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელებმა” №6/723-06 განცხადებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებს” შორის 10. 11. 2003 წელს დადებული №3 ხელშეკრულების თანახმად, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” დგარი განლაგებულია ასს 95-ის მე-5 სართულის ტერიტორიაზე. იმის გამო, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, იგი, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელებისაგან” ითხოვს დგარის გადატანას სხვა ადგილას. თავის მხრივ, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელებს” მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან დგარის გადატანაზე და ახალი ფართის ტექნიკურ პირობებზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე მისი მოთხოვნა უკანონოა.
აქედან გამომდინარე, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მოთხოვნას წარმოადგენს:
1. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, შესათანხმებლად წარუდგინოს მასსა და შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებს” შორის მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილებების პროექტი, სადაც განსაზღვრული იქნება თანალოკაციის ფართი, ტექნიკური პირობები და აპარატურის მონტაჟის ვადა;
2. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანამდე შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები სააპარატო დგარის უშუალო მიდამოში;
3. დაზუსტდეს ვინ უნდა გაიღოს თანალოკაციის შეცვლასთან დაკავშირებული ხარჯები.
2006 წლის 27 ოქტომბერს კომისიამ მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა მხარეთა მოთხოვნები სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:
- შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” წარმომადგენელი : დ. თუთბერიძე (დირექტორი), ბ.ასათიანი (მენეჯერი).
- სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი: უ.სეთური (კომპანიის იურისტი), ლ. სონიშვილი (ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი).
შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” წარმომადგენელმა დ. თუთბერიძემ მოსამზადებელ სხდომაზე განაცხადა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში” მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დგარის გადატანა ატარებდა გადაუდებელ ხასიათს, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ამჟამად, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” კუთვნილი დგარი უკვე გადატანილია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოყოფილ სხვა ადგილას. ვინაიდან დავის საგანი ამოწურულია, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები” უარს ამბობს განცხადების განხილვაზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის, 42-ე მუხლის 5-ე პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებსა ” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა;
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
3/ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
