საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ნაწილობრივად ბათილად ცნობისა და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2006 წლის 18 სექტემბერს მიმართა შპს ”ორბელმა”, რომელიც ითხოვს ბათილად გამოცხადდეს კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილების მეორე პუნქტი ნაწილობრივ - 6XXXX ნაწილში, ხოლო კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში შევიდეს სათანადო ცვლილება, რათა მას საშუალება მიეცეს კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს კომისიისაგან ნუმერაციის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ფუნქციას ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ამოწურვადი რესურსის მართვა და მისი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „აჭარის ელექტროკავშირს” მიეცა N 1449 ლიცენზია ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება; ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება; ლიცენზიის საგანი: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე), რომლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მას ნება დაერთო გამოეყენებინა ქ. ბათუმში 6XXXX ნუმერაციის ამოწურვადი რესურსი ლიცენზიის მოქმედების ვადით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს ”ორბელის” აზრით უკანონოა - როგორც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ისე დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მიღების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა. ქ. ბათუმში 6XXXX ნუმერაციის ამოწურვადი რესურსი 2005 წლის 28 იანვრისათვის თავისუფალი არ იყო. ნუმერაციის ზემოაღნიშნული ამოწურვადი რესურსი უკვე გაცემული იყო შპს ”საქართველოს რკინიგზის ტელეკომზე”, რაც დასტურდება კომისიის 2004 წლის 11 დეკემბრის №614/7 გადაწყვეტილებით.
კომისია იზიარებს შპს ”ორბელის” მოსაზრებას, ამასთან აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. შესაბამისად, კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი 6XXXX ნუმერაციის ნაწილში ექვემდებარება გაბათილებას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, თუმცა მიაჩნია, რომ კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილება შპს ”აჭარის ელექტროკავშირისათვის” 6XXXX ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მიცემის ნაწილში არ წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შეიძლება მისი ბათილად გამოცხადება შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) როგორც კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილებიდან ირკვევა (ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, მოდიფიცირდა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” №1449 ლიცენზია № N33 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიად), ” 6-იანი სასადგურო ინდექსი ქ.ბათუმში მიენიჭა შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილებით, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც აღნიშნულმა კომპანიამ წარმოადგინა, როგორც ათვისებული სატელეფონო ინდექსები”, რაც არ შეეფერება სინამდვილეს. არა თუ მაშინ, დღევანდელი მდგომარეობითაც შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ არ არის ათვისებული 6XXXX ნუმერაციის რესურსი ქ. ბათუმში. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსიდან 2006 წლის 2 ივნისისათვის ათვისებული ჰქონდა შპს ”საქართველოს რკინიგზის ტელეკომს” უკვე 2000 ნომერი, რასაც ადასტურებს ასევე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ შპს ”საქართველოს რკინიგზამ” 2006 წლის 15 მაისის № 060515-2 წერილით კომისიას აცნობა, რომ ქ.ბათუმში ითხოვს 6-იანი ინდექსის 2000 ნომრის შენარჩუნებას, ხოლო დაბა შუახევში ახალი ინდექსის გამოყოფას, ნაცვლად 6-იანი ინდექსის იმ 8000 ნომრისა, რომელიც კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილებით მიენიჭა ”აჭარის ელექტროკავშირს” და 2006 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით განხორციელებული მოდიფიცირების შედეგად შეუნარჩუნდა 60XXX – 67XXX (8000 ნომრის) ოდენობით.
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს და ინტერესებს.
შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ:
1) კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილების სადაო ნაწილი, ისევე როგორც კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტის 60XXX – 67XXX ნაწილი არღვევს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს, ეფექტიანად გამოიყენოს ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი;
2) კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილების სადაო ნაწილი, ისევე როგორც კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტის 60XXX – 67XXX ნაწილი, არ შეიძლება ჩაითავლოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირისათვის” კანონიერი ნდობის მატარებელ აქტად, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ”დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება”. შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” არ შეიძლება ჰქონოდა ზემოაღნიშნული გადაწყევტილებების ხსენებული ნაწილებისადმი კანონიერი ნდობა, ვინაიდან მათი მიღება განპირობებული იყო მის მიერ არასწორი ინფორმაციის მოწოდებით იმის შესახებ, რომ ნუმერაციის რესურსი 6-იან სასადგური ინდექსით მას ათვისებული აქვს და დაწყებული აქვს პრაქტიკული საქმიანობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია რომ კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილების სადაო ნაწილი, ისევე როგორც კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტის 60XXX – 67XXX ნაწილი არ არის აღმჭურველი შინაარსის შპს ”აჭარის ელექტროკავშირისათვის” და შესაბამისად კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილების სადაო ნაწილი უნდა გაბათილდეს, როგორც უკანონოდ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, ხოლო კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტში უნდა შევიდეს ცვლილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, რათა ამოღებულ იქნას ნუმერაციის 60XXX – 67XXX ნაწილი.
კომისია ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმაზეც, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ 6-იანი სასადგურო ინდექსის საქმიანობის დაუწყებლობა დღემდე, წარმოადგენს მისი კუთვნილი №1449 ლიცენზიის პირობის დარღვევას, ვინაიდან მასზე გაცემული ლიცენზიის პირობა იყო პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის გაცემიდან ანუ 2005 წლის 28 იანვრიდან 1 წლის განმავლობაში, რაც ამოიწურა 2006 წლის 28 იანვარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა და 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 იანვრის №59/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი 6XXXX ნაწილში;
2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა.ა. ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები: 2XXXX, 4XXXX, 5XXXX, 7XXXX, 9XXXX;”
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიების ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) ახალი სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული პირებისათვის დაგზავნა:
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი
წევრი დავით პატარაია
წევრი გიორგი ფრუიძე
წევრი ზურაბ ნონიკაშვილი
