წვდომის მენიუ

შპს “ნიკა 95”-ს გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 464 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2006

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად იგი უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ – აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესრულებას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მუშაკების მიერ 2006 წლის 6 სექტემბერს განხორციელდა მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებული პირის საქმიანობის მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი.

    შემოწმების აქტში, რომელიც შედგენილია 2006 წლის 6 სექტემბერს, შპს “ნიკა 95”-ის სადგურში, განთავსებული ქ. თბილისი წერეთლის გამზირი №55, კორპუსი №1 (რეგისტრაციის ნომერი 125/1), მითითებულია, რომ შემოწმებისას მონიტორინგის ჯგუფის მიერ დაფიქსირდა 42 სატელევიზიო არხის ტრანსლირება, რასაც ხელმოწერით დაეთანხმა კომპანიის მორიგე ოპერატორი ემილ პახლაჯიანი.

       შემოწმების შედეგად (აუდიოვიზუალური ძებნის მეთოდით, გადამრთველი პულტით) გამოვლინდა, რომ კომპანია ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს სატელევიზიო არხის ”CNN რეტრანსლირებას საავტორო ან/და მომიჯნავე უფლების მფლობელ პირებთან შეთანხმების გარეშე. შემოწმების აქტი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს.

     კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა იხელმძღვანელა “საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის, მე-8 მუხლისა და მე-14 მუხლის, “ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მიიჩნია, რომ შპს “ნიკა 95” ახორციელებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საავტორო უფლებების დარღვევას, კერძოდ ახორციელებს მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენებას.

  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს “ნიკა 95”-ს  გაფრთხილების თაობაზე;

2. შპს “ნიკა 95”-ს  გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2006 წლის 10 ნოემბერს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ. № 42;

3. შპს “ნიკა 95”-ს  უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “ნიკა 95”-სთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;

6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრი:                                   დ. პატარაია                                                                                                                                                                                                                                                        

                                                           ზ. ნონიკაშვილი

                                                           გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები