წვდომის მენიუ

შპს “არგოტექსს” და შპს “მაგთიკომს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 472 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “არგოტექსმა” (წერილი 06/803-06, 01.11.2006წ.), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს “მაგთიკომთან” 2006 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება  ლიცენზიის გადაცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირი გადაპირების წესით შპს ”არგოტექსის” მიერ № F12 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემას შპს ”მაგთიკომი”-სათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “არგოტექსი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F12 ლიცენზიას 1920 – 1935 მგჰც, 2110 - 2125 მგჰც, 1910 – 1915 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილურ საკომუნიკაციო მომსახურების გამოყენებისათვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 2 ივნისამდე;

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე № F12 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი” და მასზე გაიცეს სალიცენზიო მოწმობა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-6 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F12 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მაგთიკომი”:

2. შპს ”მაგთიკომ”-ს განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი 1920 – 1935 მგჰც, 2110 - 2125 მგჰც, 1910 – 1915 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;

ბ) ლიცენზიით განსაზღვრული გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 2 ივნისამდე;

დ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის, 13 968 347,4 ლარის (ცამეტი მილიონ ცხრაას სამოცდარვა ათას სამას ორმოცდაშვიდი ლარი და 40 თეთრი) გადახდა კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №234/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.

ე) ლიცენზიის გაცემიდან, 2006 წლის 2 ივნისიდან, ერთი წლის განმალობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ვ) ლიცენზიის მიღებიდან, 2006 წლის 2 ივნისიდან, სამი წლის განმალობაში საქართველოს ყველა რეგიონში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურების განხორციელება;

ზ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

3. ამ გადაწყვეტილების მიზნებისათვის საქართველოს რეგიონები განისაზღვრება:

ა) რეგიონი 1: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

ბ) რეგიონი 2: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

გ) რეგიონი 3: ქ.ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;

დ) რეგიონი 4: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რაიონები;

ე) რეგიონი 5: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები;

ვ) რეგიონი 6: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

ზ) რეგიონი 7: ქ.რუსთავი, ბოლნისი, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;

თ) რეგიონი 8: ქ.ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები;

ი) რეგიონი 9: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

კ) რეგიონი 10: ქ.თბილისი

4.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

5.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები:                                        დ.პატარაია

                                                                        გ.ფრუიძე

                                                                        ზ.ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები