წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 475 / 10

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2006

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-18 მუხლის  შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი  2.5 ¸ 2.7 გჰც სიხშირულ დიაპაზონში და შესაძლებელია  გამოცხადდეს აუქციონები  ქ ბათუმში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 96 მჰც სიგანის ზოლზე. 

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - 87,912.00 (ოთხმოცდაშვიდი ათას ცხრაას თორმეტი) ლარი, ხოლო ქ.ბათუმში - 48,840.00 (ორმოცდარვა ათას რვაას ორმოცი) ლარი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”  და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი 2500  ¸   2596  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ.ბათუმში;

2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიისათვის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 48,840.00 (ორმოცდარვა ათას რვაას ორმოცი) ლარით;

3. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიისათვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:  

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ბ) სათაო გადამცემის  სადგურის ქ.ბათუმში განთავსების შემთხვევაში, ჩრდილოეთის  მიმართულებით მოქმედი სექტორული ანტენის  ძირითადი გასხივების აზიმუტი (Az) განისაზღვროს არაუმცირეს 300–ით, ხოლო, გამოყენებული სისტემის მიმღები ტერმინალების ნორმალური ფუნქციონირებისთვის,  აპარატურის მწარმოებლის მიერ დადგენილი ველის დაძაბულობის მინიმალური მნიშვნელობის (Emin) გეოგრაფიულ საზღვრად განისაზღვროს აღნიშნულ აზიმუტზე   მე-10   კილომეტრი.

4. გამოცხადდეს აუქციონი 2604  ¸   2700  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

5. ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიისთვის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 87,912.00 (ოთხმოცდაშვიდი ათას ცხრაას თორმეტი) ლარით;

6. ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:  

ა)  ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ბ) სათაო გადამცემის  სადგურის ქ.ბათუმში განთავსების შემთხვევაში, ჩრდილოეთის  მიმართულებით მოქმედი სექტორული ანტენის  ძირითადი გასხივების აზიმუტი (Az) განისაზღვროს არაუმცირეს 300–ით, ხოლო, გამოყენებული სისტემის მიმღები ტერმინალების ნორმალური ფუნქციონირებისთვის,  აპარატურის მწარმოებლის მიერ დადგენილი ველის დაძაბულობის მინიმალური მნიშვნელობის (Emin) გეოგრაფიულ საზღვრად განისაზღვროს აღნიშნულ აზიმუტზე  30 - ე კილომეტრი. ყველა იმ გადამცემი სადგურისთვის რომელიც შეიძლება განთავსდეს ქ.ბათუმიდან ჩრდილოეთის მიმართულებით აზიმუტალურ სექტორში  (300 ± 50), დაძაბულობის მინიმალური მნიშვნელობისთვის (Emin) 30-ე კილომეტრით შეზღუდვა ამავე სექტორში, მცირდება ბათუმიდან სადგურის განთავსების ადგილმდებარეობამდე მანძილის მნიშვნელობით.

7. აუქციონების  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 29 დეკემბრის 12:00 საათი;  

8. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 14 დეკემბრის 17:00 საათამდე;

9. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე.

10. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

11. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326;

     -კოდი: 220101830;

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

12. აუქციონში მონაწილეობის უფლება არა აქვს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი.

13. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ  გადაწყვეტილების მე-11 პუნქტში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

14. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

15. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

16. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

17. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები:                                     დ.პატარაია

                                                                                    გ.ფრუიძე

                                                                                    ზ.ნონიკაშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები