წვდომის მენიუ

კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 476 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N 361/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ათი გადამცემის გამოყენებით შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:

1  ზონა: ქ. თბილისი

2  ზონა: ქ. ბათუმი, ქობულეთის,  ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს რაიონები.

3  ზონა: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწაროს, თიანეთის რაიონები.

4  ზონა: მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის, ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები.

5  ზონა: ქ. რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის, თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები.

6  ზონა: ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები.

7  ზონა: ქ. ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები

10 ზონა: ქ. ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2006 წლის 21 სექტემბრის 17:00 საათი, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2006 წლის 27 ოქტომბრის 14:00  საათი, სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 64,111.5  (სამოცდაოთხი ათას ას თერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარით;

კომისიის 2006 წლის 15 სექტემბერის  N  406 / 22   გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N 361/10 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლის თანახმად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა  2006 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათი, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2006 წლის 10 ნოემბრის   14:00 საათი.

ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N 361/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა  კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციამ.

კონკურსი კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2006 წლის 10 ნოემბერს კომისიის სხდომაზე.  საკონკურსო სხდომას ესწრებოდა კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის წარმომადგენლობაზე  უფლებამოსილი პირი ქალბატონი სანდრა რულოვსი.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს. წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახადის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია დამატებით აღინიშნავს, რომ მოსალოდნელი ხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია ლიცენზიაში გათვალისწინებულ იქნეს საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების ნაცვლად ქ. ზუგდიდში 104.5 მჰც-ის ნაცვლად 104.6; ქ. ქუთაისში 101.6 მჰც-ის ნაცვლად 101.8 მჰც და  ქ. გორში 103.9 მჰც-ის ნაცვლად 107.7 მჰც სიხშირე და აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებული იქნას ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილე კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის წარმომადგენლობაზე  უფლებამოსილმა პირმა ქალბატონმა სანდრა რულოვსმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 64,111.5  (სამოცდაოთხი ათას ას თერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 64,111.5  (სამოცდაოთხი ათას ასთერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;

2.   უზრუნველყოს კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციამ 2006 წლის 10 დეკემბრამდე სალიცენზიო გადასახდელის  20% - 12 822.3 (თორმეტი ათას რვაას ოცდაორი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018

3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 44878.05 (ორმოცდაოთხი ათას რვაას სამოცდათვრამეტი ლარი და 05 თეთრი)  ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6.  იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარმოუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და გაუგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე  უარი კონკურსში გამარჯვებულს მიეცემა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;

7.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (მ. აროშიძე);

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

 9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                დ. ქიტოშვილი

           კომისიის წევრები:                               დ. პატარაია

                                                                        ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები