შპს “მეგაკომსა” და შპს “მობიტელს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი წერილით მიმართეს შპს ”მეგაკომმა” და შპს “მობიტელმა” (07.11.2006 წ №6/818-06), შპს ”მეგაკომის” კუთვნილი №F30 ლიცენზიის შპს ”მობიტელზე” პირდაპირი გადაპირების წესით გადაცემის თაობაზე და წარმოუდგინეს შპს ”მეგაკომსა” და შპს ”მობიტელს” შორის 2005 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ”რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გადაპირების შესახებ”.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22 გადაწყვეტილებით განხორციელდა შპს ”მეგაკომის” №4 ლიცენზიის მოდიფიცირება და შპს ”მობიტელზე” გადაპირება. გადაპირების საფუძველს წარმოადგენდა შპს ”მეგაკომსა” და შპს ”მობიტელს” შორის 2005 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა, შპს ”მობიტელზე” №4 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მოდიფიცირებულ იქნა შპს ”მეგაკომი”-ს №4 ლიცენზია და გაყოფილ იქნა სარგებლობის ორ ლიცენზიად, კერძოდ: რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიად, რომელსაც მიენიჭა № F5 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიად, რომელსაც მიენიჭა № N11 და აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N11 ლიცენზიის შპს ”მობიტელზე” გადაპირება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”მეგაკომსა” და შპს ”მობიტელს” შორის 2005 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის ე) ქვპუნქტის საფუძველზე შპს ”მეგაკომი” შპს ”მობიტელს” გადასცემდა სარგებლობის უფლებას კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის №577/13 გადაწყვეტილებით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრზე 6620.00მ მჰც, 6960.00მ მჰც, 6700.00მჰც და 7040.00მჰც სიხშირეებზე, ზოლის სიგანით 40 მგჰც, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ლაგოდეხი, თბილისი-რუსთავი, კოჯორი-გუდაური და გორი-ახალციხის მონაკვეთებზე რადიოსარელეო კავშირებისათვის. კომისიის მიერ ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი არ იქნა გათვალისწინებული შპს ”მეგაკომსა” და შპს ”მობიტელს” შორის ლიცენზიის გადაპირების დროს, გამომდინარე იქედან, რომ ზემოაღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრი შპს ”მეგაკომს” მინიჭებული ჰქონდა ერთი წლის ვადით, კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის №577/13 გადაწყვეტილებით და მასზე არ ყოფილა გაცემული ლიცენზია. ხოლო ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი” 51-ე მუხლი, ისევე როგორც ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლი ითვალისწინებს ნებისმიერი პირისათვის მხოლოდ სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ პირდაპირ გადაცემას, გადაპირების წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის №395/1 გადაწყვეტილებით შპს ”მეგაკომს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F30 ლიცენზია ზემოაღნიშნულ რაიოსიხშირულ სპექტრზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 6620.00 მჰც, 6960.00 მჰც, 6700.00 მჰც და 7040.00 მჰც სიხშირეები ზოლის სიგანით 40 მჰც, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ლაგოდეხი, თბილისი-რუსთავი, კოჯორი-გუდაური და გორი-ახალციხის მონაკვეთებზე რადიოსარელეო კავშირებისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 8 სექტემბრამდე;
ამავე დროს, შპს ”მეგაკომს განესაზღვრა ვალდებულება კომისიისთვის წარმოედგინა მონაცემები ზემოაღნიშნული მაგისტრალური მიმართულების მონაკვეთზე აღნიშნული სიხშირული ზოლების მონაცვლეობითი გამოყენების წესის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მეგაკომსა” და შპს ”მობიტელს” შორის 2005 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”მეგაკომსა” და შპს ”მობიტელს” შორის 2005 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდეს შპს ”მეგაკომი”-ს №F30 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების წესით შპს ”მობიტელზე” გადაცემა და შესაბამისად მასზე სალიცენზიო მოწმობის გაცემა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-6 მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F30 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მობიტელი”:
2. შპს ”მობიტელ”-ს განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 6620.00 მჰც, 6960.00 მჰც, 6700.00 მჰც და 7040.00 მჰც სიხშირეები ზოლის სიგანით 40 მჰც, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ლაგოდეხი, თბილისი-რუსთავი, კოჯორი-გუდაური და გორი-ახალციხის მონაკვეთებზე რადიოსარელეო კავშირებისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 8 სექტემბრამდე;
გ) უზრუნველყოს შპს ”მობიტელმა” კომისიისათვის მონაცემების წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტში განსაზღვრული მაგისტრალური მიმართულების მონაკვეთზე აღნიშნული სიხშირული ზოლების მონაცვლეობითი გამოყენების წესის შესახებ.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
ზ.ნონიკაშვილი