სს ”ტელენეტი”-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 20 ოქტომბრის N457/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა სს ”ტელენეტმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ აქვს:
1) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
2) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2006 წლის 20 ოქტომბრის N457/10 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ვადა სს ”ტელენეტს” 2006 წლის 21 ნოემბრამდე წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე; ნ.ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სს ”ტელენეტი”-სთვის გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში;
3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
ზ.ნონიკაშვილი
