საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ მომხმარებელთა საჩივრების ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2006 წლის 25 სექტემბერს მიმართა (წერილი N10/167-06 - 25.09.2006) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა პავლე ბერიამ (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველი”) მოთხოვნით, ავტორიზებული პირის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომხმარებელთა (აბონენტების) სატელეფონო კაბელების დაზიანებისა და დაზიანებათა აღმოუფხვრელობის თაობაზე შესულ საჩივრებზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.
საზოგადოებრივი დამცველი თავის მოთხოვნაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ დამცველს მიმართეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომხარებლებმა, კერძოდ შემოსულია:
1. ქ. თბილისის ბიჭვინთის ქუჩის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება (2005 წლის 5 დეკემბერი, №11/122), რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ მათ 2005 წლის სექტემბრიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან შეწყვეტილი აქვთ სატელეფონო მომსახურების მიწოდება;
2. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ბაღნარის ქუჩის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება (2006 წლის 24 თებერვალი და 12 აპრილი, №11/189), რომელშიც აღნიშნულია, რომ 2005 წლის ნოემბრიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან შეუწყდათ სატელეფონო მომსახურების მიწოდება;
3. ქ.თბილისის ანდრონიკაშვილის მე-2 შესახვევის №14-ში მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება (2006 წლის 26 აპრილი, №11/265), რომლის თანახმად აღნიშნული ქუჩის მცხოვრებთ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან შეწყვეტილი აქვთ სატელეფონო მომსახურების მიწოდება 2006 წლის თებერვლიდან;
4. ქ. თბილისის ბაგების დასახლების სტუდქალაქში მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება (2006 წლის 3 ივლისი, №11/345 და 4 ივლისი, №11/348), რომლის მიხედვითაც, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დაახლოებით 800 აბონენტს 2006 წლის მაისიდან დღემდე სატელეფონო მომსახურება არ მიეწოდებათ.
5. ქ. თბილისის სამგორის მე-2 დასახლების მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება (2006 წლის 7 ივლისი, №11/357), რომლის შესაბამისადაც, ირკვევა რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებს სატელეფონო მომსახურება არ მიეწოდებათ 2006 წლის აპრილიდან.
საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, მის მიერ დადგენილია, რომ ქ. თბილისის ლილოს დასახლების 3000 აბონენტს შეწყვეტილი აქვს სატელეფონო მომსახურება 2006 წლის 25 მაისიდან. მიუხედავათ მომხმარებელთა არაერთჯერადი მოთხოვნისა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეწყო აღდგენითი სამუშაოები და მიეწოდებინა მომხმარებლებისთვის ინფორმაცია, თუ როდის აღმოიფხვრებოდა მომსახურების შეწყვეტის მიზეზები, აღდგენითი სამუშაოები დღემდე არ არის დაწყებული.
საზოგადოებრივი დამცველი დამატებით აცხადებს, რომ 2006 წლის 18 ივლისს მას ტელეფონის საშუალებით მიმართეს ქ.თბილისის სანერგე დასახლების მაცხოვრებლებმა, რომლებმაც შეატყობინეს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან სატელეფონო მომსახურება არ მიეწოდებათ 2006 წლის ივნისიდან.
საზოგადოებრივი დამცველი აღნიშნავს, რომ შემოსული განცხადებებისა და სატელეფონო შეტყობინებათა საფუძველზე მან არაერთხელ, წერილობით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაეწყო აღდგენითი სამუშაოები და მიეწოდებინა მომხმარებლებისთვის ინფორმაცია მომსახურების შეწყვეტის მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე. საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციით, მიუხედავად კომპანიის წერილობითი დაპირებისა, დღემდე არ დაწყებულა აღდგენითი სამუშაოები, და უფრო მეტიც - საერთოდ უცნობია სამუშაოების დაწყების ვადები. საზოგადოებრივ დამცველის აზრით, არსებული ვითარება საგანგებო ხასიათს იძენს, ვინაიდან მომხმარებლებს თვეობით არ მიეწოდებათ მომსახურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მომხმარებლებისადმი ამგვარი დამოკიდებულებით უხეშად არღვევს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ:
ა) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა.
ბ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება ასევე შეიცავს მომხმარებლისათვის სატელეფონო მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას.
გ) ამავე რეგლამენტის მე-15 მუხლის შესაბამისად, დაზიანების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს შეატყობინოს მომსახურების შეწყვეტის მიზეზისა და ხანგრძლივობის თაობაზე, ხოლო მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დროულად აღმოფხვრას დაზიანებები, რაც სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ არ ხორციელდება.
საზოგადოებრივმა დამცველმა მოითხოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას დაეწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება და იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ ყოფილიყო მხარედ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად;
კომისიამ 2006 წლის 20 ოქტომბერს მიიღო №455/23 გადაწყვეტილება - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
2006 წლის 3 ნოემბერს აღნიშნულ საკითხზე კომისიაში გაიმართა ზეპირი მოსმენა. სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი დამცველი პ. ბერია, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: დ. დგებუაძე (ნაძალადევის რაიონის სატელეფონო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი) და ქ. ფიცხელაური (კომპანიის უმცროსი იურისტი), სხდომაზე აგრეთვე გამოცხადდნენ შემდეგი მომხმარებელები: გ. გამსახურდია, თ მეგენეიშვილი, ლ. წიკლაური, მ. პაპინაშვილი, ნ. გიორგობიანი, ჟ. ბუტიკაშვილი, თ. გოგოლაური, მ. პაპიტაშვილი, შ. მურჯიკნელი.
საზოგადოებრივმა დამცველმა, აღნიშნა, რომ მის მიერ დადგენილი ინფორმაციით, მოსახლეობისათვის სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის მიზეზია საკაბელო მეურნეობის დატაცება. მართალია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” უარს არ აცხადებს აღდგენითი სამუშაოების დაწყებაზე, მაგრამ მიუხედავად ხანგრძლივი დროისა, დღემდე ასეთი ნაბიჯი მისი მხრიდან არ გადადგმულა. საზოგადოებრივი დამცველი უთითებს, რომ კანონმდებლობის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია იცავდეს თავის დაქვემდებარებაში არსებულ ქსელს და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გარეშე ახორციელებდეს უწყვეტ სატელეფონო მომსახურებას. საკაბელო მეურნეობის დატაცების ფაქტები არ ათავისუფლებს კომპანიას მომხმარებლების წინაშე აღებული ვალდებულებებისაგან.
საზოგადოებრივმა დამცველმა კომისიის წინაშე დააყენა მოთხოვნა, მის განცხადებაში მოყვანილი საფუძვლების გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიამ წერილობით გააფრთხილოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” და დააკისროს არსებული დაზიანებების დაუყოვნებელი აღდგენა.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა დაადასტურეს საზოგადოებრივი დამცველის მიერ მოყვანილი ფაქტების ნამდვილობა. ამასთან, აღნიშნეს, რომ უწყვეტი და შეუფერხებელი სატელეფონო მომსახურება კომპანიის ინტერესს წარმოადგენს, მაგრამ მოსახლეობისათვის სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის მიზეზია სატელეფონო კაბელების სისტემატური ქურდობა. მათი კომპანიის მიერ რამდენიმეჯერ მოხდა დაზიანებული ადგილების აღდგენა, მაგრამ განმეორებითი ქურდობის გამო მოსახლეობას კვლავ შეწყვეტილი აქვს სატელეფონო მომსახურება. თუ რა ვადაში იქნება შესაძლებელი საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში აღნიშნულ უბნებში სატელეფონო მომსახურების აღდგენა ამის ზუსტი განსაზღვრა მათ არ შეუძლიათ.
მომხმარებლებმა კომისიას წარმოუდგინეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან, სააბონენტო გადახდის მოთხოვნები სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის პერიოდზე.
კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ”, ”ე” და ”ზ” ქვეპუნქტები, ასევე ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-15, მე-18, და 21-ე მუხლების მოთხოვნები. სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ დარღვეულია რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებულ პირს ეკრძალება დაზიანების პერიოდში სააბონენტო გადასახადის მოთხოვნა. შეასაბამისად, სამართლებრივი დეპარტამენტის აზრით, საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
კომისიამ, საზოგადოებრივი დამცველის განცხადების ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში დართული და სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებეულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-15, მე-18, და 21-ე მუხლების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან დარღვევის ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. კომისია აღნიშნავს, რომ ქსელის ინტეგრაციისა და დაცულობის შენარჩუნება, ასევე მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვა წარმოადგენს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” უშუალო ვალდებეულებას, რაც განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ხანგრძლივი დროით სატელეფონო მომსახურების შეწყვეტით ცალსახად დარღვეულია. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ, ასევე დარღვეულია მომხმარებელთა გაფრთხილებისა და დაზიანების დროულად აღმოფხვრის რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები. კომისიის აზრით, ყოველივე ზემოაღნიშნული დაუყოვნებლივ გამოსწორებას საჭიროებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ”, ”ე” და ”ზ” ქვეპუნქტების და 45-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-15, მე-18, 21-ე მუხლების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 113-ე, 165-ე მუხლის მესამე ნაწილის, 167-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს წერილობითი გაფრთხილება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ”, ”ე”, ”ზ” ქვეპუნქტებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-15, მე-18, და 21-ე მუხლების დარღვევის გამო;
2. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაუყოვნებლივ დაიწყოს და ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში დაასრულოს სატელეფონო მომსახურებაში დაზიანებათა აღმოფხვრა ქ. თბილისის ბიჭვინთისა და ბაღნარის ქუჩების, ანდრონიკაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევის, ლილოს დასახლების, ბაგების სტუდქალაქის, სამგორის რაიონის მე-2 დასახლებისა და სანერგე მეურნეობის ტერიტორიის მომხმარებლებისათვის სატელეფონო მომსახურების აღდგენის მიზნით;
3. სატელეფონო მოსახურების მიუწოდებლობის პერიოდში მომხმარებელთა მიერ გადახდილი სააბონენტო გადასახადი ჩარიცხოს ამ მომხმარებელთა დეპოზიტზე;
4. აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიქცეულ იქნას იგი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
5. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) ამ გადაწყვეტილების შესრულების შემოწმება და კომისიისათვის ინფორმაციის წარმოდგენა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
