სს „ტელენეტი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 2 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა სს „ტელენეტმა“ (02.11.2006 №4/84) კომისიის 2003 წლის 23 მაისის №224/7 გადაწყვტილებით სს ”ინფოკომზე” კომისიის ნებართვის გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით (რეგისტრაციის №06/5-32) შეიცვალა სს ”ინფოკომის” საფირმო სახელწოდება და ეწოდა სს ”ტელენეტი”.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს ”ინფოკომი” ფლობდა ლიცენზიას N 921 რომელიც გაცემული იყო კავშირგაბმულობისა და ფოსტის ყოფილი სამინისტროს მიერ 1999 წლის 13 აპრილს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
- ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;
- ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.
- ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის, სატელეგრაფო, სატელექსო ქსელებითა და ელექტრონული ფოსტით მომსახურება.
”სს “ინფოკომი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ” კომისიის 2003 წლის 23 მაისის №224/7 გადაწყვტილებაში აღნიშნულია, რომ ”სს „ინფოკომი“ ფლობს N921 ლიცენზიას მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე. ამასთან, სს „ინფოკომი“ ახორციელებს დეპეშების მიღებას ტელეფონის მეშვეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებელად მიაჩნია ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე სს „ინფოკომს“ სატელეგრაფო მომსახურების განსახორციელებლად მიეცეს ნუმერაციის რესურსის (06) გამოყენების ნებართვა, ხოლო მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8-051.”
შესაბამისად სს ”ინფოკომს” მიეცა ნებართვა სატელეგრაფო მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურს - 06 და მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურის 8-0-5-1 გამოყენებაზე.
”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, მონაცემთა გადაცემა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით აღნიშნულ მომსახურებაზე გათვალისწინებულია ავტორიზაციის რეჟიმი. შესაბამისად სს ”ტელენეტი”-ს N921 ლიცენზია გაუქმებულია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: ”ამ წესების ამოქმედებამდე ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვროს ამ წესების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვა გათვალისწინებულია ლიცენზიაში ან ლიცენზირებასთან დაკავშირებულ კომისიის გადაწყვეტილებაში.” კომისიის 2003 წლის 23 მაისის №224/7 გადაწყვეტილებაში ნებართვის მოქმედების ვადა განსაზღვრული არ არის, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ნუმერაციის რესურსების - 06 და 8-0-5-1 გაცემა კომისიის მიერ მოხდა №921 ლიცენზიასთან დაკავშირებით, რაც აღნიშნულია კომისიის 2003 წლის 23 მაისის №224/7 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო №921 ლიცენზიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 19 მარტამდე (ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა კომისიის 2004 წლის 26 მარტის №139/6 გადაწყვეტილებით), კომისიას მიაჩნია, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად აღნიშნული ნებართვის ვადა განსაზღვრულია - 2014 წლის 19 მარტამდე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, აგრეთვე თუ კომისიის ნებართვით მათზე გაცემულია ნუმერაციის რესურსი, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს ან ნუმერაციის რესურსს შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.”
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ სს „ტელენეტმა“-მ 2006 წლის 7 თებერვალს გაიარა ავტორიზაცია კომისიაში (რეგისტრაციის №52/1). ამავე დროს, სს „ტელენეტი“-ს მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1000 ლარი) თითოეული ლიცენზიისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სს „ტელენეტზე“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N78 ლიცენზია სს „ტელენეტს“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 0-6 (ნული-ექვსი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 24.11.2016-მდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”
2. მიეცეს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N79 ლიცენზია სს „ტელენეტს“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-0-5-1 (რვა-ნული-ხუთი-ერთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 24.11.2016-მდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს სს ”ტელენეტს” წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების შესახებ;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
