საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №561/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ შპს ”მეგა ტვ”-იმ (რეგისტრირებული ხონის რაიონული სასამართლოს მიერ 1996 წლის 30 ოქტომბრის №58/4-21 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით №24,14.09.06, ქ.ქუთაისში, ხონის მიმართულებით მოქმედი სტაციონარული რადიოსარელეო ხაზის გადამცემი სადგურის განთავსების ადგილის (სს”საქართველოს ელექტროკავშირის” ასს შენობა) შეცვლის მოთხოვნით. ქ.ქუთაისში, რადიოსარელეო ხაზის გადამცემის განთავსების აღნიშნული ადგილის შეცვლის აუცილებლობას შპს ”მეგა ტვ” ასაბუთებს რადიოხილვადობის არადამაკმაყოფილებელი პირობებით, რაც რადიოსარელეო ხაზის ექსპლუატაციის პროცესში გამოვლინდა.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ.ქუთაისიდან ქ.ხონში სატელევიზიო სიგანალის მისაწოდებლად შპს ”მეგა ტვ”-ის კომისიის გადაწყვეტილებით (№ 561/13,05.08.06) მიენიჭა 4430 მჰც სიხშირე და ამავე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში განესაზღვრა რადიოსარელეო სადგურების განთავსების ადგილები: ქ.ქუთაისში, სს”საქართველოს ელექტროკავშირის” ასს შენობა და ქ.ხონში შპს ”მეგა ტვ”-ს სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის შესწავლის მიზნით, მიმდინარე წლის 7-8 ნოემბერს, მონიტორინგის მობილური სისტემის ინჟინრებმა (ნ. კონდოლელი და გ. ქართველიშვილი) ქ.ქუთაისში ჩაატარეს რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაო. სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით მინაცემების დამუშავების შედეგები წარმოდგენილი იქნა მოხსენებითი ბარათით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, რადიოხილვადობის რეალური პარამეტრები მონაკვეთზე, ქ.ქუთაისი სს ”საქართველოს ელექტროკავშირის” ასს შენობა და ქ.ხონში შპს ”მეგა ტვ”-ს სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტი, არადამაკმაყოფილებელია. კერძოდ, ქ. ხონში მისაღები სიგნალის მკვეთრი შესუსტება გამოწვეულია აღნიშნულ მონაკვეთზე გეოგრაფიული რელიეფის შემაფერხებელი ფორმით.
კომისია ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვისა და ჩატარებული გათვლების შესაბამისად, ქ.ქუთაისიდან ქ.ხონამდე რადიოსარელეო ხაზის ალტერნატიული მიმართულება (ქ.ქუთაისში, ზ.გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე №13 კორპუსის სახურავიდან, ქ.ხონში შპს ”მეგა ტვ”-ს სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტამდე), აკმაყოფილებს რადიოხილვადობის პირობებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მეგა ტვ”-იმ წარმოადგინა სანოტარო აქტით (რეგისტრაციის № 1-7476) დადასტურებული, ქ.ქუთაისში, ზ.გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე №13 კორპუსის ამხანაგობასა და ტელეკომპანია შპს ”მეგა ტვ”-ის შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება №1,28.10.05 (ვადა 31.08.2011წლამდე). აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 ნაწილის 3.2.1 პუნქტის შესაბამისად, ”მოიჯარეს” უფლება ეძლევა გამოიყენოს იმავე კორპუსის სხვენი და სახურავი მაუწყებლობისთვის საჭირო მოწყობილობების განთავსებისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის გადაწყვეტილებაში №561/13,05.08.05 შპს ”მეგა ტვ”-ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ, შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება და ქ.ქუთაისიდან ქ.ხონამდე რადიოსარელეო ხაზის მონაკვეთზე რადიოხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ქ.ქუთაისში, შპს ”მეგა ტვ”-ის რადიოსარელეო გადამცემის განთავსების ადგილად განესაზღვროს ქ.ქუთაისში ზ.გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე №13 კორპუსი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეტანილი იქნეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №561/13 გადაწყვეტილებაში შპს ”მეგა ტვ”-ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს ”მეგა ტვ”-ის 2340 მჰც სიხშირე ქ.ქუთაისში მობილური რადიოსარელეო კავშირისთვის; 4430 მჰც, ქ.ქუთაისიდან (ზ.გამსახურდიას ქ. კორპუსი №13) ქ.ხონამდე (შპს ”მეგა ტვ”-ის სატელევიზიო გადამცემის განთავსების პუნქტი), სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად სტაციონარული რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის;”
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში:
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
