შპს “23 მაისის” NB52 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2007
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 27 ივლისს კომისიას განცხადებით მიმართა შპს “23 მაისმა” (№6/557-06.27.07.2006), მისი კუთვნილი N B52 ლიცენზიაში დაფიქსირებული გადამცემის სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნით:
1. ქ.ქუთაისში- 2,5 კვტ;
2. ქ.გორში-0,5 კვტ;
3. ქ. თელავში-0,5 კვტ;
4. ახალციხეში -1,0 კვტ;
5. ქ. ბათუმში- 0,5 კვტ;
6. ქ. ზუგდიდში-1,0 კვტ;
7. ლაგოდეხში-0,5 კვტ;
შპს ”23 მაისის” ცნობით, მათ მიერ შემუშავებული რადიო ”არტის” გავრცელების ქსელის ტექნიკური პროექტის თანახმად აღმოჩნდა, რომ შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრის” ზოგიერთ ანძებზე არ არის ოთხდიპოლიანი (გაძლიერების კოეფიციენტი G=8 დბ) ანტენების განთავსებისთვის შესაბამისი ადგილი, ამიტომ პროექტირებამ მოითხოვა მხოლოდ ორდიპოლიანი ანტენების განთავსების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში გაძლიერების კოეფიციენტი G არ აღემატება 5 დბ-ს, რაც იწვევს რადიო ”არტის” მაუწყებლობის არეალის შემცირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “23 მაისის” კუთვნილი ლიცენზია NB52 ითვალისწინებს (მოქმედების ვადა 31.12.2011 წ.) საეთერო საერთო რადიომაუწყებლობას:
ა) 101.9- მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. თბილისი;
ბ) 104.5- მგჰც სიხშირეზე 0,5 კვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. ქუთაისი;
გ) 101.9- მგჰც სიხშირეზე 0,25 კვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. გორი;
დ) 101.0- მგჰც სიხშირეზე0,25 კვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. ბათუმი;
ე) 101.9-მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. ზუგდიდი;
ვ) 105.5-მგჰც სიხშირეზე 0,25 კვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. თელავი;
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ, შპს ”23 მაისის” წერილის საფუძველზე რადიოდაფარვის განსაზღვრისათვის, პროგრამული უზრუნველყოფა EDX-ს გამოყენებით, განხორციელდა შპს ”23 მაისისთვის” მინიჭებული რადიო სამაუწყებლო სიხშირეების შესაბამისი რადიოსადგურებით განხორციელებადი ვირტუალური რადიო დაფარვის გაანგარიშება.
განხორციელებული გაანგარიშების საფუძველზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, სამაუწყებლო ზონის საზღვრების შენარჩუნების და მის ფარგლებში მდგრადი მიღების დონის მისაღწევად, წრიული დიაგრამის 5 დბ გაძლიერების მქონე ანტენების გამოყენებით, მიზანშეწონილია ქ. ქუთაისის რადიოსამაუწყებლო გადამცემის სიმძლავრე განისაზღვროს 2000 ვატამდე, ხოლო ქ. ბათუმის რადიოსამაუწყებლო გადამცემის სიმძლავრე გაიზარდოს- 500 ვატამდე, რაც შეეხება ქ. ზუგდიდში, ქ. თელავში და ქ. გორში სიმძლავრეების მომატებას, ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ირკვევა, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტი აქვე აღნიშნავს, რომ ახალციხესა და ლაგოდეხში შპს ”23 მაისის” ლიცენზია არ ითვალისწინებს მაუწყებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მოზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს ”23 მაისის” NB52 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში გადამცემის სიმძლავრის გაზრდისათვის.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “23 მაისის”-ს NB52 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით;
2. შპს “23 მაისის”-ს NB52 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხის თაობაზე ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2006 წლის 22 დეკემბერს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 2006 წლის 29 დეკემბერს 16:00 საათზე;
3. გამოქვეყნდეს ზეპირი მოსმენის შესახებ ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
4. ეცნობოს შპს “23 მაისს” წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (მ.აროშიძე);
5. ეს გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
