წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომი”-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 524 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 10 ნოემბრის N486/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა აუქციონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

ლიცენზიის მაძიებლების მიერ  განცხადებების მიღების  ვადად განისაზღვრა 2006 წლის 27 ნოემბრის 17:00 საათი.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს ”მაგთიკომმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული აქვს სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ აღნიშნული თანხა ჩარიცხულია კომისიის ანაგრიშზე და არა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში როგორც ეს გათვალისწინებულია ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2006 წლის 10 ნოემბრის N486/10 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ვადა შპს ”მაგთიკომს”  2006  წლის 12 დეკემბრამდე წარმოადგინოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხული სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”მაგთიკომი”-სთვის  გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში;

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

კომისიის თავმჯდომარე                              დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                        დ.პატარაია

                                                                    გ.ფრუიძე

                                                                      ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები