შპს “ნიკა 95”-ს გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად იგი უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ – აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მუშაკების მიერ 2006 წლის 6 სექტემბერს განხორციელდა მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი ავტორიზებული პირის საქმიანობის მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი.
შემოწმების აქტში, რომელიც შედგენილია 2006 წლის 6 სექტემბერს, შპს “ნიკა 95”-ის სადგურში, განთავსებული ქ. თბილისი წერეთლის გამზირი №55, კორპუსი №1, (რეგისტრაციის ნომერი 125/1) მითითებულია, რომ შემოწმებისას მონიტორინგის ჯგუფის მიერ დაფიქსირდა 42 სატელევიზიო არხის ტრანსლირება, რასაც ხელმოწერით დაეთანხმა კომპანიის მორიგე ოპერატორი ემილ პახლაჯიანი.
შემოწმების შედეგად (აუდიოვიზუალური ძებნის მეთოდით, გადამრთველი პულტით) გამოვლინდა, რომ კომპანია ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს სატელევიზიო არხის ”CNN” რეტრანსლირებას საავტორო ან/და მომიჯნავე უფლების მფლობელ პირებთან შეთანხმების გარეშე. შემოწმების აქტი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს.
კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა იხელმძღვანელა “საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის, მე-8 მუხლისა და მე-14 მუხლის, “ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მიიჩნია, რომ შპს “ნიკა 95” ახორციელებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საავტორო უფლებების დარღვევას, კერძოდ ახორციელებს მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიაში 2006 წლის 3 ნოემბერს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ნიკა 95”-ის გაფრხილების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში შპს “ნიკა 95” მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენელი სატელევიზიო არხის ”CNN”-ის რეტრანსლირების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც გახდებოდა საფუძველი დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა.
შესაბამისად, კომისიამ დადასტურებულად მიაჩნია შპს “ნიკა 95” მიერ კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაფრთხილდეს შპს “ნიკა 95” რათა მან, საქმიანობის პროცესში უზრუნველყოს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების მოთხოვნათა შესრულება;
2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შპს “ნიკა 95”-მა სატელევიზიო არხის: CNN-ს არამართლზომიერი ტრანსლირება;
3. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ნიკა 95”-ს ერთი წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი ბოლო თორმეტი კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 (ათი ათასი) ლარისა.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “ნიკა 95”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
