წვდომის მენიუ

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 533 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 10 ნოემბრის №386/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 1800მჰც სიხშირულ დიაპაზონში 5 მჰც სიგანის წყვილ სიხშირულ ზოლზე.

    რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 7,742,826.00 (შვიდი მილიონ შვიდას ორმოცდაორი ათას რვაას ოცდაექვსი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 27 ნოემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2006 წლის 15 დეკემბრის 13:00  საათი; კომისიის 2006 წლის 13 დეკემბრის №529/22 გადაწყვეტილებით კომისიის №72 სხდომა, რომელზეც უნდა ჩატარებულიყო აუქციონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, გადატანილ იქნა 2006 წლის 18 დეკემბრის 16:00 საათზე.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს: შპს ”მაგთიკომმა”, შპს ”სერვისლაინმა”  და შპს ”ჯეოკომ ინვესტმა”.

შპს ”სერვისლაინი”-ს და შპს ”მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა გამოცხადებული აუქციონის პირობებს, კერძოდ შპს ”სერვისლაინი”-ს განცხადებას თანდართული არ ჰქონდა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო შპს ”მაგთიკომი”-ს განცხადებას თანდართული ჰქონდა სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ აღნიშნული თანხა ჩარიცხული იყო კომისიის ანაგრიშზე და არა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში როგორც ეს გათვალისწინებულია ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შპს ”სერვისლაინს” და შპს ”მაგთიკომს’’ კომისიის 2006 წლის1 დეკემბრის №523/22 და №524/22 გადაწყვეტილებებით განესაზღვრათ ვადა -  2006 წლის 12 დეკემბრამდე წარმოედგინათ სრულყოფილი დოკუმენტაცია. შპს ”მაგთიკომის” მიერ 2006 წლის 4 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი და აღნიშნული თანხა ჩარიცხულ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო შპს ”სერვისლაინი”-ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შპს ’სერვისლაინი”-ს განცხადება აუქციონში მონაწილეობის მიღების შესახებ განუხილველი დარჩა და კომპანია არ იქნა დაშვებული აუქციონზე.

აუქციონი გაიმართა 2006 წლის 18 დეკემბრის კომისიის სხდომაზე.

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შესაბამისად, შპს ”ჯეოკომ ინვესტის” წარმომადგენელს წილად ხვდა №2. აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 26 (ოცდაექვსი) ბიჯი, სულ 17,808,518.00 (ჩვიდმეტი მილიონ რვაას რვა ათას ხუთას თვრამეტი) ლარი დააფიქსირა შპს “ჯეოკომ ინვესტის” წარმომადგენელმა, რის შემდეგაც შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა უარი განაცხადა აუქციონის გაგრძელებაზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ჯეოკომ ინვესტი” 1740,4 –  1741,2  მჰც და  1835,4 – 1836,2 მჰც; 1780,6 – 1784,8 მჰც  და  1875,6 – 1879,8 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 17,808,518.00 (ჩვიდმეტი მილიონ რვაას რვა ათას ხუთას თვრამეტი) ლარი.

2. უზრუნველყოს შპს ”ჯეოკომ ინვესტმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (5,342,555.4  - ხუთი მილიონ სამას ორმოცდაორი ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 774,282.6 (შვიდას სამოცდათოთხმეტი ათას ორას ოთხმოცდაორი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი ანუ 4,568,272.8 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდარვა ათას ორას სამოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 18 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033018;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (12,465,962.6 - თორმეტი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათას ცხრაას სამოცდაორი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;       

4. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                    გ.ფრუიძე

                                                                                   ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები