წვდომის მენიუ

შპს ”ორბი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 536 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს ”ორბმა” კომისიას მიმართა განცხადებით (22.11.2006, №6/874-06) შპს ”ორბი”-სთვის და შპს ”ეგრისი”-სთვის კომისიის მიერ მინიჭებულ სიხშირეებზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ”შპს ”ორბი”-სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2003 წლის 16 მაისის №207/1 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”ორბს” მიეცა №1354 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე:       ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა MMDS სისტემის გამოყენებით ქ. ფოთში.

”შპს ”ორბი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ” კომისიის 2003 წლის 16 მაისის №211/13 გადაწყვეტილებით შპს ”ორბს” მიენიჭა 2564 მჰც-დან და 2612 მჰც-მდე; 2636 მჰც-დან 2692 მჰც-მდე სიხშირული ზოლი შედასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისიის 2003 წლის 16 მაისის №208/1 გადაწყვეტილებით განხორციელდა ასევე შპს ”ეგრისზე” საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე №1355 ლიცენზიის გაცემა შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე:       ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა MMDS სისტემის    გამოყენებით ქ. ფოთში.

2003 წლის 16 მაისის №212/13 გადაწყვეტილებით შპს ”ეგრისს” შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით მიენიჭა სიხშირული ზოლი: 2500 მგჰც-დან 2564 მგჰც-მდე, 2612 მგჰც-დან 2636 მგჰც-მდე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ქ.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების  შესაბამისად განხორციელდა ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში და შპს ”ორბისა” და შპს ”ეგრისის” შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა შპს ”ორბი”(რეგისტრაციის №10/5/ბ-41).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  ”ეგრისის” და შპს ”ორბი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში არ არის განსაზღვრული სიხშირეების მინიჭების ვადა. ამავე დროს, გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ: ”შპს „ეგრისის“ მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაო სიხშირეები: 2500 მგჰც-დან 2564 მგჰც-მდე, 2612 მგჰც-დან 2636 მგჰც-მდე, რომელიც საჭიროა MMDS სისტემის გამოყენებით ქ. ფოთში საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელის მოწყობისათვის.” ასევე შპს „ორბის“ მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაო სიხშირეები: 2564 მგჰც-დან 2612 მგჰც-მდე, 2636 მგჰც-დან 2692 მგჰც-მდე, რომელიც საჭიროა MMDS სისტემის გამოყენებით ქ. ფოთში საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელის მოწყობისათვის.” ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული სიხშირეების მინიჭება შპს ”ორბზე” ისევე, როგორც შპს ”ეგრისზე” უშუალოდ არის დაკავშირებული კომისიის მიერ აღნიშნულ კომპანიებზე 2003 წლის 16 მაისს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე გაცემულ ლიცენზიებთან და შესაბამისად სიხშირის მინიჭების ვადა განსაზღვრულია ლიცენზიების მოქმედების ვადით ანუ 2013 წლის 16 მაისამდე.

”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით  მომსახურება აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით აღნიშნულ მომსახურებაზე გათვალისწინებულია ავტორიზაციის რეჟიმი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  შესაბამისი ვადის განმავლობაში.  ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ორბმა” 2006 წლის 31 მაისს გაიარა ავტორიზაცია კომისიაში საკაბელო სატრანზიო ტელემაუწყებლობაზე -  ა) ქსელით უზრუნველყოფა; ბ) მომსახურების მიწოდება; (რეგისტრაციის №114/1).

შპს ”ორბი”-ს მიერ ასევე გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1000 ლარი)

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”ორბზე” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა 10 წლის ვადით - 2016 წლის 15 დეკემბრამდე.

             „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F38 ლიცენზია შპს ”ორბს” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2500 მგჰც-დან 2692 მგჰც-მდე სიხშირული ზოლის გამოყენებით უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისათვის ქ.ფოთში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 18 დეკემბრამდე;

გ) უზრუნველყოს შპს ”ორბმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

2.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                       დ.ქიტოშვილი

        კომისიის წევრები                                         დ.პატარაია

                                                                               ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები