წვდომის მენიუ

ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანსა” და შპს “პირველ სტერეო”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირების შესახებ

ნომერი: 538 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2007

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანმა” (წერილი №6/896-06 28.11.2006წ.) და წარმოუდგინა შპს ”პირველ სტერეო”-სთან  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ნაწილის გადაპირების შესახებ 2006 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანის” №F9 ლიცენზიით გათვალისიწნებული რადიოსიხშირული სპექტრიდან 2.2-2.4 გჰც ნაწილის, კერძოდ,  2382- 2400 მჰც (18 მჰც სიხშირული ზოლი) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების პირდაპირი გადაპირების წესით  შპს ”პირველ სტერეო”-ზე გადაცემას.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანის” №F9 ლიცენზია გაცემულ იქნა კომისიის 2006 წლის 5 მაისის №189/1 გადაწყვეტილებით  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2.2-2.4 გჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში მეორადი გამოყენების უფლებით 10 წლის ვადით.

            ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს სიხშირეები მინიჭებული აქვს მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად გულისხმობს: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;

            კომისია აღნიშნავს, რომ ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანმა” კომისიაში წარმოდგენილ წერილში (№6/896-06 28.11.2006წ) მოითხოვა მეორადი გამოყენების უფლების შეცვლა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვანა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “2.2  ¸  2.4  გჰც ზოლიდან, რომელიც მეორადი გამოყენების უფლებით ქ.თბილისში ფუნქციონირებისთვის მინიჭებული აქვს  ინდ.მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანს”,  18 მჰც სიგანის ზოლის  (2382 ¸ 2400 მჰც) შპს ”პირველი სტერეოსთვის” პირდაპირი გადაპირების წესით გადაცემის შემთხვევაში, გამოირიცხება ქ.თბილისში   საეთერო ურთიერთხელშეშლის ფაქტორი  რის გამოც,   ინდ.მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანისთვის” 2.2  ¸  2.4 გჰც სიხშირული ზოლი, მეორადი გამოყენების უფლებით იქნა მინიჭებული.

აღნიშნულიდაან გამომდინარე ქ.თბილისში, ი/მ კონსტანტინე ასათიანისთვის  2200 მჰც - დან  2382 მჰც-მდე, ხოლო  შპს ”პირველი სტერეოსთვის” 2382 მჰც-დან  2400 მჰც-მდე სიხშირული ზოლების მინიჭება შეიძლება,  მეორადი გამოყენების უფლების მითითების გარეშე.”

 კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისისას შესაძლებლად მიაჩნია:

ა) ინდ. მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანის” №F9 ლიცენზიას შეეცვალოს მეორადი გამოყენების უფლება და განესაზღვროს სალიცენზიო პირობები დარჩენილ რადიოსიხშირულ სპექტრზე;

ბ) ინდ. მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანი”-ს  №F9 ლიცენზიას გამოეყოს 2382- 2400 მჰც (18 მჰც სიხშირული ზოლი) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მის მფლობელად განისაზღვროს შპს ”პირველი სტერეო” და  გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”პირველი სტერეო” უფლებამოსილი იქნება დაიწყოს აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა მხოლოდ ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. №F9 ლიცენზიას გამოეყოს 2382- 2400 მჰც  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს №F37 და განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2382- 2400 მჰც  სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  05.05.2016-მდე;

გ) უზრუნველყოს შპს „პირველმა სტერეომ“-მ 2382- 2400 მჰც  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

2. № F37 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”პირველი სტერეო”;

3. ინდ.მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანის” №F9 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2200- 2382 მჰც  სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  05.05.2016-მდე;

გ) უზრუნველყოს ინდ.მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანმა” 2382- 2400 მჰც  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარე                                                                    დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                                                             დ.პატარაია

                                                                                                            გ.ფრუიძე                              

                                                                                                            ზ.ნონიკაშვილ         

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები