შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2006 წლის 24 ნოემბერს 6/886-06 განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: შპს ”ახალი ქსელების” დაკვეთით შესრულებული სამუშაოს შედეგად განხორციელებულია 300 წყვილიანი 3012 მ-იანი კაბელის მონტაჟი და 600 მეტრი სატელეფონო კანალიზაცია სოფ. დიღომში, რაც დასტურდება 1998 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც დამკვეთთან და შემსრულებელთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე სს ”საქელექტროკავშირის” ასს-52 ის ინჟინერი ზ. ფირცხალავა. ამჟამად შპს ”ახალი ქსელები” ითხოვს თავისი კუთვნილი კაბელის ამოღებას, რაზეც სს ”გაერთიანებული ტელეკომისაგან” იღებს დაუსაბუთებელ უარს.
აღნიშნულ საკითხზე, 2006 წლის 22 დეკემბერს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი: ნ. ჟღენტი და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი: უ. სეთური.
შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას წარმოადგენს: დაავალოს კომისიამ სს ”გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გამოყოს თავისი წარმომადგენელი, რომელთან ერთადაც მოხდება ”ახალი ქსელების” კუთვნილი კაბელის ამოღება სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციიდან.
შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას არ დაეთანხმა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური და აღნიშნა, რომ შპს ”ახალ ქსელებს” არ გააჩნია სადავო კაბელზე საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამიტომ კაბელის ამოღების მოთხოვნა მიაჩნია დაუსაბუთებლად, მან ასევე სთხოვა კომისიას დავის წარმოებისას იმსჯელოს დავის განსჯადობის საკითხის შესახებაც, იმის გათვალისწინებით, რომ კერძო კომპანიებს შორის საკუთრების თაობაზე წარმოშობილი დავები არ მიეკუთვნება კომისიის კომპეტენციას და ისინი სასამართლოს განსჯადია.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2006 წლის 29 დეკემბერს 12 საათზე.
2. ეცნობოთ მოდავე მხარეებს დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
წევრები დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
