შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2007
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2006 წლის 24 ნოემბერს 6/886-06 განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: შპს ”ახალი ქსელების” დაკვეთით შესრულებული სამუშაოს შედეგად განხორციელებულია 300 წყვილიანი 3012 მ-იანი კაბელის მონტაჟი და 600 მეტრი სატელეფონო კანალიზაცია სოფ. დიღომში, რაც დასტურდება 1998 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც დამკვეთთან და შემსრულებელთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე სს ”საქართველოს ელექტროკავშირის” ასს-52 ის ინჟინერი ზ. ფირცხალავა. ამჟამად შპს ”ახალი ქსელები” ითხოვს თავისი კუთვნილი კაბელის ამოღებას, რაზეც სს ”გაერთიანებული ტელეკომისაგან” იღებს დაუსაბუთებელ უარს.
აღნიშნულ საკითხზე, 2006 წლის 22 დეკემბერს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელი ნ. ჟღენტი და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური.
შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას წარმოადგენს: დაავალოს კომისიამ სს ”გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გამოყოს თავისი წარმომადგენელი, რომელთან ერთადაც მოხდება ”ახალი ქსელების” კუთვნილი კაბელის ამოღება სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სატელეფონო კანალიზაციიდან.
შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას არ დაეთანხმა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური და აღნიშნა, რომ შპს ”ახალ ქსელებს” არ გააჩნია სადავო კაბელზე საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამიტომ კაბელის ამოღების მოთხოვნა მიაჩნია დაუსაბუთებლად, მან ასევე სთხოვა კომისიას დავის წარმოებისას იმსჯელოს დავის განსჯადობის საკითხის შესახებაც, იმის გათვალისწინებით, რომ კერძო კომპანიებს შორის საკუთრების თაობაზე წარმოშობილი დავები არ მიეკუთვნება კომისიის კომპეტენციას და ისინი სასამართლოს განსჯადია.
კომისია იზიარებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელის მოსაზრებას დავის განსჯადობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციები ამომწურავად განსაზღვრულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით. აღნიშნული კომპეტენციის შესაბამისად, კომისია არეგულირებს ავტორიზებული პირების ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკურ და სამართლებრივი ურთიერთობის პირობებს, კერძო კომპანიებს შორის საკუთრების უფლებიდან გამომდინარე ქონებრივი დავები არ ხვდება კომისიის კანონით განსაზღვრულ ფუნქციებში, შესაბამისად, მათი განხილვა წარმოადგენს არა კომისიის, არამედ სასამართლოს პრეროგატივას, ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს კომისიის მარეგულირებელ ფუნქციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11, 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება დავა შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის თაობაზე.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
წევრები დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
