რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2006
მიღების თარიღი თებერვალი 07, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 23 დეკემბრის N805/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 835,905 მგჰც – 838,365 მგჰც (მობილური სადგურისათვის) და 880,905 მგჰც - 883,365 მგჰც (ბაზური სადგურისათვის სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. განისაზღვრა: აუქციონის ჩატარების თარიღად -2006 წლის 7 თებერვლის 13 საათი; ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა - 4,203,927 (ოთხი მილიონ ორას სამი ათას ცხრაას ოცდაშვიდი) ლარით.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში შემოიტანა ორმა კომპანიამ: შპს “ბლუმფინ ლიმიტედმა” და შპს “ტელეკომინვესტი-საქართველომ”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ბლუმფინ ლიმიტედის” და შპს “ტელეკომინვესტი-საქართველოს” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2006 წლის 7 თებერვალს კომისიის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შპს “ბლუმფინ ლიმიტედმა” და შპს “ტელეკომინვესტი-საქართველომ”.
აუქციონის მიმდინარეობა ასახულია კომისიის სხდომის ოქმში (ოქმი N10).
აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 322 (სამას ოცდაორი) ბიჯი, სულ 71.887.039 (სამოცდათერთმეტი მილიონ რვაას ოთხმოცდაშვიდი ათას ოცდაცხრამეტი) ლარი დააფიქსირა შპს “ბლუმფინ ლიმიტედმა”.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 835,905 მგჰც – 838,365 მგჰც (მობილური სადგურისათვის) და 880,905 მგჰც - 883,365 მგჰც (ბაზური სადგურისათვის) სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ბლუმფინ ლიმიტედი“, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 71.887.039 (სამოცდათერთმეტი მილიონ რვაას ოთხმოცდაშვიდი ათას ოცდაცხრამეტი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს „ბლუმფინ ლიმიტედმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (21,566,111.7 (ოცდაერთი მილიონ ხუთას სამოცდაექვსი ათას ას თერთმეტი ლარი და 70 თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 250.000 აშშ დოლარი (451.875 (ოთხას ორმოცდათერთმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი) ანუ 21.114.236,70 (ოცდაერთი მილიონ ას თოთხმეტი ათას ორას ოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 7 მარტამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (50.320.927,3 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. შპს „ბლუმფინ ლიმიტედის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე მუხლში გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და შპს „ბლუმფინ ლიმიტედს“ ბეს სახით გადახდილი თანხა (ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
5. დაევალოს კომისიის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) შპს “ბლუმფინ ლიმიტედის” მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი (250.000 აშშ დოლარი (451.875 (ოთხას ორმოცდათერთმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი) თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
6. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
