წვდომის მენიუ

შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 61 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2006

მიღების თარიღი თებერვალი 10, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის შესახებ.

კომისიამ 2006 წლის 31 იანვარის გადაწყვეტილებით დავის განხილვის დღედ დაინიშნა 2006 წლის 10 თებერვალი.

            კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

            შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელი მ.დობროვოლსკი.

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა.

            სადავო საკითხს წარმოადგენს: შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ აბონენტებისათვის ADSL მომსახურების მიწოდების მიზნით ასს 37-ის ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შესახებ. კერძოდ, მოთხოვნაში მითითებულია, რომ ასს 37-ის ტერიტორიაზე უნდა განლაგდეს შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ (CDN)-ის დგარი ADSL  აპარატურისთვის, შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ საჭიროა მიიღოს დაშვება სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კროსზე 100 წყვილის მოცულობით. ამასთან შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“  აღნიშნავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მზადაა დააყენოს ჩარჩო საკუთარი სახსრებით.

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ ასს 37-ში არ არსებობს კროსში ჩარჩოს დასაყენებელი ადგილი, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“  მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნით კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა შემოწმება სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ასს 37-ის კროსში 100 წყვილიანი კაბელის ჩართვის  შესაძლებლობის დადგენის მიზნით.

            მონიტორინგის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით ასს 37/38-ის კროსში არ არის  თავისუფალი ჩარჩო კაბელის ჩასართავად და არც ჩარჩოს დასამაგრებელი ადგილი არ არის მეტალის კონსტრუქციებზე. ამავე დროს, სათავსოში, სადაც კროსია მოთავსებული, შეიძლება კიდევ ერთი რიგით კროსის გაფართოება.

            კომისიის სხდომაზე, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ კროსის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალება, ხოლო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ შეთავაზებული კროსის შესაბამისი მოწყობილობა (ჩარჩო) არ არის მათთვის მისაღები, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს იმავე წარმოების მოწყობილობას, რა წარმოების სადგურიც არის დამონტაჟებული ასს 37-ში.

            კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს აბონენტის ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ქ.თბილისში და კომისიის გადაწყვეტილებით მას დაკისრებული აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობების და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებულია უზრუნველყოს ასს 37 იმ ტექნიკური მახასიათებლებით, კერძოდ კროსის მოწყობილობით, რაც აუცილებელია  შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ ADSL მომსახურების მისაწოდებლად.

            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაევალოს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს „კავკასიის ციფრული ქსელის” ADSL მომსახურების მისაწოდებლად აუცილებლი ტექნიკური საშუალებებით ასს 37-ის  უზრუნველყოფა;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის  წევრები:                                      

დ.პატარაია

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები