რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2006
მიღების თარიღი თებერვალი 21, 2006
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა განცხადებით შპს “ჯეოსელმა” (წერილი №2/021-06, 31.01.2006 წ.) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ 2000 მგჰც სიხშირულ ზოლში.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 1920-1935 მგჰც, 2110-2125 მგჰც, 1910-1915 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
2. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 21 აპრილი 13:00 საათი;
3. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 8 491 392 (რვა მილიონ ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას სამას ოთხმოცდათორმეტი) ლარით;
4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 6 აპრილის 17:00 საათამდე;
5. სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ბ) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:
- რეგიონი 1: ქ. თბილისი;
- რეგიონი 2: ქ. ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები;
- რეგიონი 3: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები
- რეგიონი 4: ქ.ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
- რეგიონი 5: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რაიონები;
- რეგიონი 6: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები
- რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
- რეგიონი 8: ქ. რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
- რეგიონი 9: ქ. ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები;
- რეგიონი 10: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი კომისიაში წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.
7. განცხადებას უნდა ერთვოდეს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (3 000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
გ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე (ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’; ა/ანგარიში: 609326; კოდი: 220101830; საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050) და ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;
8. აუქციონში მონაწილეობის უფლება არა აქვს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან “3G”-ს სიხშირული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი.
9. “3G”-ს სიხშირული ზოლი განისაზღვრება 1920-1980 მგჰც ქვედა ზოლი, 2110-2170 მგჰც ზედა ზოლი;
10. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
11. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% - გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას.
12. აუქციონი ტარდება შემდეგი წესით:
ა) აუქციონის გამართვის ზოგადი წესი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით.
ბ) აუქციონის სხდომის თავმჯდომარე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილებას. თუ ერთი ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ პირს, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს მათ, რომ დაასახელონ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აუქციონში;
გ) აუქციონის დასაწყისად ითვლება სხდომის თავმჯდომარის მიერ ლიცენზიის საფასურის ოდენობის და აუქციონის ბიჯის გამოცხადება. აუქციონის ბიჯი უცვლელია და შეადგენს სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე;
დ) სხდომის თავმჯდომარე იმ პირებს შორის, რომლებიც გამოცხადდნენ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ატარებს წილისყრას. თითოეული მონაწილე ყუთიდან იღებს კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია რიგითი ნომერი. კონვერტი და მასში მოთავსებული რიგითი ნომერი არის იმდენივე, რამდენი მონაწილეცაა. ყუთიდან კონვერტის ამოღების რიგითობა განისაზღვრება კომისიაში განაცხადების შემოტანის თარიღის და დროის მიხედვით – პირველი კონვერტს ამოიღებს იმ ლიცენზიის მაძიებლი ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომელმაც პირველმა შემოიტანა განაცხადი და ა.შ.;
ე) მონაწილის მიერ ამოღებული რიგითი ნომერი განსაზღვრავს აუქციონის მიმდინარეობისას მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების რიგითობას;
ვ) აუქციონის თითოეული მონაწილე მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით აცხადებს მის მიერ შეთავაზებული რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას. აუქციონის მონაწილის მიერ პირველად დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ბიჯის ჯამისა. აუქციონის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე აუქციონის ბიჯის დამატებით. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს აუქციონის ბიჯზე ჯერადად მეტი თანხა;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ;
თ) აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს თავისი შეთავაზება გააკეთოს წინა მონაწილის მიერ თანხის დასახელებიდან 10 წთ-ის განმავლობაში. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი ნახევარსაათიანი შესვენება. ორივე შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს გავიდეს აუქციონის დარბაზიდან. თუ მითითებული დროის გასვლის შემდეგ მონაწილე არ დააფიქსირებს თანხას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა თანხის დასახელებაზე;
ი) აუქციონში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც აუქციონის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას;
კ) თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში;
ლ) აუქციონის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც აუქციონის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით;
მ) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება;
ნ) რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. ერთი თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა. კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
ო) თუ კომისიამ ამ მუხლის “ნ” ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებისას მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, და აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელმაც აუქციონის მიმდინარეობისას დააფიქსირა აუქციონში გამოვლენილ გამარჯვებულთან შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა, ამავე დროს კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბე-ს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%).
პ) თუ არ არსებობს აუქციონის ისეთი მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია აუქციონს აცხადებს ჩაშლილად;
ჟ) ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისი ოდენობის 10% საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადებაში მითითებული უნდა იქნას საბანკო რეკვიზიტები, სადაც კომისიის მიერ გადაირიცხება აღნიშნული თანხა;
13. აუქციონის სხდომა საჯაროა.
14. აუქციონის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება:
ა) ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
ბ) ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);
15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა ) ერთი თვის ვადაში;
16. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
17. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
