სს „ტელენეტი“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2006
მიღების თარიღი თებერვალი 21, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2006 წლის 8 თებერვალს მიმართა სს “ტელენეტმა” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 18 თებერვლის №103/11 გადაწყვეტილებით, სს “ტელენეტს” ერთი წლის ვადით მიენიჭა 5250-5350 მგჰც სიხშირული ზოლი შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით მეორადი გამოყენების უფლებით. ამასთან, სს “ტელენეტმა” 2006 წლის 7 თებერვალს შეავსო ავტორიზაციის დეკლარაცია და გაიარა ავტორიზაცია კომისიაში (ავტორიზაციის მოწმობა N52) შემდეგ მომსახურებაზე: ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება, საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება, საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება, ინტერნეტით მომსახურება;
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “ტელენეტის” მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (3000 ლარი).
კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეგლამენტით 5250-5255 მგჰც და 5255-5350 მგჰც სიხშირული ზოლები განკუთვნილია დედამიწის კვლევის თანამგზავრული სამსახურებისთვის, რადიოლოკაციისთვის და კოსმოსური კვლევისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს “ტელენეტი” უნდა შეეგუოს აღნიშნული სამსახურების მიერ ამავე სიხშირული ზოლით სარგებლობის გამო გამოწვეულ-შესაძლო რადიოხელშეშლებს, ხოლო მის მიერ დედამიწის კვლევის თანამგზავრული სამსახურების, რადიოლოკაციის და კოსმოსური კვლევის სადგურებისთვის ხელშეშლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უნდა შეაჩეროს თავისი საქმიანობა. შესაბამისად, აღნიშნული პირობა გათვალისწინებული უნდა იქნას სალიცენზიო პირობად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 6 ლიცენზია სს “ტელენეტს” 5250 მგჰც - 5350 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში 10 წლის ვადით;
2. განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ლიცენზიის მფლობელი უნდა შეეგუოს ლიცენზიაში გათვალისწინებულ სიხშირეზე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეგლამენტის შესაბამისად მომუშავე სამსახურებიდან (დედამიწის კვლევის თანამგზავრული სამსახურები, რადიოლოკაციის და კოსმოსური კვლევის სადგურები) გამოწვეულ რადიოხელშეშლებს (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული სამსახურებისთვის ხელშეშლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უნდა შეაჩეროს თავისი საქმიანობა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
