წვდომის მენიუ

შპს “მობიტელის” რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 83 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2006

მიღების თარიღი თებერვალი 28, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 14 თებერვალს კომისიას განცხადებით მიმართა შპს “მობიტელმა”, მოთხოვნით გამოცხადდეს აუქციონი 1800  მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში 2 ´ 5,6 მგჰც რადიოსიხშირული ზოლით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, რაც მას ესაჭიროება როუმინგული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. 

კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირი – შპს “მობიტელი”, კომისიის 2005 წლის 16 დეკემბერის N789/22 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის NF5 ლიცენზიას, შემდეგი პირობებით: რადიოსიხშირული სპექტრი: 824.265 მგჰც-დან 835.335 მგჰც-მდე და 869.265 მგჰც-დან 880.335 მგჰც-მდე სიხშირული დიაპაზონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორაზე; ლიცენზიის მოქმედების ვადა –  2013 წლის 23 ივლისამდე; 2005 წლის 16 დეკემბრიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება და სამი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურების განხორციელება; გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მობიტელის” მოთხოვნის შესწავლა დაევალათ კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის უფროსს კახი ყურაშვილსა და სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის მთავარ სპეციალისტს თემურ ძაგნიძეს, რომლებმაც 2006 წლის 15 თებერვალს წარმოადგინეს  ერთობლივი დასკვნა.

ერთობლივ დასკვნაში აღნიშნულია, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და შესაბამისად ვალდებულებას წარმოადგენს ამოწურვადი რესურსის არა მხოლოდ მართვა, არამედ მისი ეფექტიანად  გამოყენების უზრუნველყოფაც.

თავისუფალი რადიოსიხშირეების გეგმის შესაბამისად, 1800 მგჰც-იან რადიოსიხშირულ დიაპაზონში დარჩენილია 2 ´ 14.6 მგჰც რადიოსიხშირული ზოლი, რაც არ არის საკმარისი ორი დამოუკიდებელი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის რადიოსიხშირული რესურსით უზრუნველსაყოფად.  შპს “მობიტელის” მიერ განცხადებაში მოთხოვნილი 1800 მგჰც რადიოსიხშირული დიაპაზონიდან ცალკე აღებული 2 ´ 5.6 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლი სრულიად არასაკმარისია ახალი დამოუკიდებელი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის რადიოსიხშირული რესურსით უზრუნველსაყოფად და შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ არსებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის მიერ, როუმინგული ან სხვა დამხმარე  მომსახურებისათვის. თუ რადიოსიხშირული დიაპაზონის თავიუფალ 14.6 მგჰც რადიოსიხშირულ ზოლს გამოვაკლებთ შპს “მობიტელის” მიერ მოთხოვნილ 2 ´ 5.6 მგჰც სიგანის რადიოსიხშირულ ზოლს, 1800 მგჰც რადიოსიხშირული დიაპაზონში თავისუფალი   დარჩება 2 ´ 9 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლი, რაც საკმარისია ერთი ახალი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის რადიოსიხშირული რესურსით უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ინტერესებიდან და ლიცენზიის მაძიებელი პირების მიერ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობლივ დასკვნაში შემოთავაზებულია: კომისიამ, მოითხოვოს შპს “მობიტელისაგან” მის სარგებლობაში არსებული 824.265 მგჰც-დან 835.335 მგჰც-მდე და 869.265 მგჰც-დან 880.335 მგჰც-მდე რადიოსიხშირული დიაპაზონიდან რადიოსიხშირული ზოლების გარკვეული ნაწილის უკან დაბრუნება, 1800 მგჰც-იან რადიოსიხშირულ დიაპაზონში 2 ´ 5 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლის სანაცვლოდ.

 შპს “მობიტელისათვის” კომისიის მიერ რადიოსიხშირეების შეცვლის უფლებამოსილება განმტკიცებულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც  კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ რადიოსიხშირის შეცვლით პირს ადგება ზიანი, მხოლოდ ამ  შემთხვევაში წარმოიშობა მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიღების უფლება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადახდის პირობები და ფორმა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კომისიის მიერ.

რადიოსიხშირული ზოლის შეცვლა უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობებითა და ოდენობით:

ა)  შპს “მობიტელისათვის” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის “შპს “მეგაკომის” N4 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და შპს “მეგაკომსა” და შპს “მობიტელს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ” N789/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის უკვე გამოყოფილი 824.265 მგჰც-დან 835.335 მგჰც-მდე და 869.265 მგჰც-დან 880.335 მგჰც-მდე რადიოსიხშირული დიაპაზონი, მოქმედი 3GPP2C.P0057A სტანდარტების შესაბამისად: დიაპაზონის კლასი  –  0,  დიაპაზონის ქვეკლასი –  0, სისტემის აღმნიშვნელი –  A, სპრედფაქტორით – 3 შეიძლება დაიყოს შემდეგ 6  რადიოსიხშირულ ზოლებად:

-  824.265 ¸ 827.955;  869.265 ¸ 872.955; 

-  827.955 ¸ 831.645; 872.955 ¸ 876.645; 

-  831.645 ¸ 835.335; 876.645 ¸ 880.335 

 სულ – 6 ´ 3,69 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლი;

შპს “მობიტელის” მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების CDMA ტექნოლოგიით განსახორციელებლად სრულიად საკმარისია ზემოაღნიშნულიდან მხოლოდ ორი  2 ´ 3,69 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლი.

ბ) შესაბამისად შპს “მობიტელს” უნდა მოეთხოვოს 4 ´ 3.69 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლის დაბრუნება, რის სანაცვლოდაც შეიძლება მიეცეს 1800 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში 2 ´ 5 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლი როუმინგული მომსახურების უზრუნველსაყოფად.

გ) შპს “მობიტელის” მიერ დაბრუნებული 4 ´ 3.69 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლები უნდა განთავსდეს თავისუფალ რადიოსიხშირეთა ბადეში შედგომში, მოთხოვნის შესაბამისად, აუქციონზე გამოსატანად.

კომისიამ ზემოაღნიშნული წინადადებების დამოუკიდებელი საექსპერტო შესწავლის მიზნით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის ფაკულტეტსა და  შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურს”.

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თ. კუპატაძისა და რადიოტექნიკის კათედრის გამგის, პროფესორ ნ. უღრელიძის დასკვნით, 824.265 მგჰც-დან 835.335 მგჰც-მდე და 869.265 მგჰც-დან 880.335 მგჰც-მდე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში CDMA ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია სამი დამოუკიდებელი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის მუშაობა, სადაც თითოეული ოპერატორი დაიკავებს  3 ´ 1,23 = 3,69 მგჰც სიგანის რადიოსიხშირულ ზოლს მობილური სადგურისათვის და 3 ´ 1,23 = 3,69 მგჰც სიგანის რადიოსიხშირულ ზოლს საბაზო სადგურისათვის, 3GPP2C.P0057A სტანდარტის შესაბამისად. მათივე განმარტებით, 1800 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში 9 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლი შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად GSM სისტემის ოპერატორის საქმიანობისათვის.

ასეთივე აზრია გამოთქმული შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს გენერალური დირექტორი ვ. ქურდიანი და ტექნიკური დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის თ. სვანიძე.

კომისიამ მიიჩნია, რომ 1800 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში არსებული თავისუფალი 14,6 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლის ორ ნაწილად გაყოფა ორი დამოუკიდებელი მობილური საკომუნიკაციო ქსელის შესაქმნელად შეუძლებელია; ამასთან,  შპს “მობიტელის” მიერ მოთხოვნილი რადიოსიხშირული რესურსი (5.6 მგჰც)  საკმარისი არ არის ახალი დამოუკიდებელი მობილური საკომუნიკაციო ქსელის შესაქმნელად, რის გამოც მისი აუქციონზე გატანის შემთხვევაში, მასზე მოთხოვნა არ იქნება, გარდა თვით  შპს ”მობიტელისა”.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ამოწურვადი რესურსის მართვა და ეფექტიანად  გამოყენების უზრუნველყოფა, რის გამოც კომისია ვერ დააკმაყოფილებს შპს “მობიტელის” მოთხოვნას მხოლოდ როუმინგული მომსახურებისთვის 1800 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში  5,6 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლით სარგებლობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ. საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე ახლად ავტორიზებული პირების მიერ 2 ´ 5.6 მგჰც რადიოსიხშირული ზოლით სარგებლობის უფლების აუქციონის წესით შეძენა ინტერესმოკლებულია.

ამასთან, კომისიას მიზანშეწონიდად მიაჩნია შპს “მობიტელის” მიერ 800 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში დაკავებული 824.265 მგჰც – 835.335 მგჰც და 869.265 მგჰც – 880.335 მგჰც რადიოსიხშირული ზოლიდან 4 ´ 3.69 მგჰც  სიგანის რადიოსიხშირული ზოლის 1800 მგჰც რადიოსიხშირული დიაპაზონის 5 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლით შეცვლა, ვინაიდან ამ შემთხვევაში დაცული იქნება ერთი მხრივ შპს “მობიტელის” ინტერესი მიიღოს როუმინგული მომსახურების უზრუნველსაყოფად 2 ´ 5 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლი 1800 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში, მეორე მხრივ დაცული იქნება სახელმწიფო ინტერესი – სახელმწიფო ამოწურვადი რადიოსიხშირული რესურსი  ეფექტურად იქნება გამოყენებული.

კომისია ამახვილებს ყურადღებას შემდეგ დადებით გარემოებებზეც:

ა) რაოდენობრივი -  შპს “მობიტელი” დაუბრუნებს სახელმწიფოს უფრო მეტი სიგანის რადიოსიხშირულ ზოლს (850 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში 4 ´ 3,69 = 14,76 მგჰც-ს), ვიდრე მიიღებს (1800 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში 2 ´ 5 = 10 მგჰც-ს);

ბ) კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, კომისიას გაუჩნდება თავისუფალი რადიოსიხშირეების გეგმაში თავისუფალი რესურსი, კერძოდ – 850 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში (4 ´ 3,69 მგჰც.), ხოლო 1800 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში არსებული 2 ´ 14,6 მგჰც-დან 2 ´ 5 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლის შპს “მობიტელისათვის” გაცვლის შემთხვევაში დარჩენილი 2 ´ 9,6 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლი შენარჩუნდება ახალი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის რადიოსიხშირული რესურსით უზრუნველსაყოფად. ანუ, შეიქმნება 3 პოტენციური ახალი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის გაჩენის შესაძლებლობა, ნაცვლად ერთისა, რაც თავის მხრივ საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების წინაპირობაა; მომხმარებელთა ინტერესების თვალსაზრისით კი, გაჩნდება ასევე პოტენციური შესაძლებლობა მომხმარებლებს ჰქონდეთ უფრო მეტი არჩევანის საშუალება მომსახურების მიღების თვალსაზრისით;

გ) ფინანსური – “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული საფასურების გათვალისწინებით, შპს “მობიტელის” მიერ დაბრუნებულ 850 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონს მიკუთვნებული რადიოსიხშირული ზოლებით სარგებლობის საფასური სავარაუდოდ იქნება გაცილებით დიდი (2005 წლის 1 ივლისს შპს ”მაგთიკომმა” 838.365 – 842.055 მგჰც და 883.365 – 887.055 მგჰც რადიოსიხშირული ზოლებისათვის აუქციონზე დააფიქსირა 26 132 039 ლარი და 50 თეთრი, ხოლო 2006 წლის 7 თებერვალს შპს ”ბლუმფინ ლიმითედმა” 835.905 მგჰც - 838.365 მგჰც და 880.905 მგჰც - 883.365 მგჰც რადიოსიხშირული ზოლებისთვის - 71 887 039 ლარი),  ვიდრე 1800 მგჰც რადიოსიხშირული დიაპაზონიდან 2 ´ 5 მგჰც რადიოსიხშირული ზოლისა ცაკლე აღებული.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ იგი სამართლებრივი თვალსაზრისით, უფლებამოსილია განახორციელოს შპს “მობიტელისათვის” რადიოსიხშირეების შეცვლა, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც “კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ რადიოსიხშირის შეცვლით პირს მიადგა ზიანი, მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადახდის პირობები და ფორმა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კომისიის მიერ.”

კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 23 თებერვალს შემოვიდა შპს “მობიტელის” წერილი, რომლის თანახმადაც შპს “მობიტელი” აცხადებს, რომ იგი თანახმაა მის მიერ 850 მგჰც რადიოსიხშირულ დიაპაზონში დაკავებული 824.265 მგჰც – 835.335 მგჰც და 869.265 მგჰც – 880.335 მგჰც რადიოსიხშირული ზოლიდან  შეიცვალოს 4 ´ 3.69 მგჰც  სიგანის რადიოსიხშირული ზოლი, 1800 მგჰც რადიოსიხშირული დიაპაზონიდან კომისიის მიერ განსაზღვრული 5 მგჰც სიგანის რადიოსიხშირული ზოლით. შპს “მობიტელი”, აგრეთვე აცხადებს, რომ მას რადიოსიხშირის შეცვლით არ ადგება ზიანი და არ ითხოვს ზიანის კომპენსაციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  53-ე მუხლის, 64-ე მუხლის მე-13 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს  შპს “მობიტელის” NF5 ლიცენზია და შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში განსაზღვრული 824.265 მგჰც-დან 835.335 მგჰც-მდე და 869.265 მგჰც-დან 880.335 მგჰც-მდე რადიოსიხშირული დიაპაზონი შეეცვალოს  რადიოსიხშირული ზოლებით:827.955¸831.645 მგჰც; 872.955¸876.645 მგჰც; 1775.2¸1780.2 მგჰც; 1870.2¸1875.2 მგჰც;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს    (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N1ა) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                    დ. ქიტოშვილი

წევრები:                                                          

დ. პატარაია

გ. ფრუიძე

 ზ. ნონიკაშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები