შპს “SABATEL”-ის N1371 ლიცენზიის მოდიფიცირების და შპს “SABATEL”-სა და შპს “ალკომს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2006
მიღების თარიღი მარტი 10, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “ალკომმა” (წერილი №10, 23.02.2006), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს “SABATEL”-თან 2006 წლის 22 თებერვლს გაფორმებული ხელშეკრულება ლიცენზიის ნაწილის გადაპირების შესახებ და მოითხოვა შპს “ალკომზე” შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “SABATEL” ფლობს №1371 ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, რომელიც გაცემულია კომისიის მიერ 2003 წლის 3 ოქტომბერს №497/1 გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით შპს “SABATEL”-ს გამოეყო ნუმერაციის რესურსი – ქ.ბათუმში სასადგურო ინდექსი 3XXXX ლიცენზიის მოქმედების ვადით.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე. აღნიშნულ კანონში, ისევე როგორც “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გათვალისწინებულია მხოლოდ ორი სახის ლიცენზია – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია. ამასთან, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალიწინებს კომისიის მიერ იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით.
შპს “SABATEL”-ის №11371 ლიცენზია ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით ქ.ბათუმში სასადგურო ინდექსით - 3XXXX სარგებლობის უფლებას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ალკომი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელმაც გაიარა ავტორიზაცია კომისიაში 22.08.2005 წ.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების №1371 ლიცენზიის მოდიფიცირება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანუ ლიცენზიის მოდიფიცირება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიად; ხოლო ამის შემდეგ, პირდაპირი გადაპირების საფუძველზე ლიცენზიიდან ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 35XXX – 39XXX ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გამოყოფა ცალკე ლიცენზიად და სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს “ალკომისთვის”.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, 64-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. №1371 ლიცენზია მოდიფიცირდეს და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”;
2. ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 12 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 3XXXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;
3. № N 12 ლიცენზიას გამოეყოს ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 35XXX – 39XXX ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს ნომერი N 13 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 35XXX – 39XXX ;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში;
4. № N 13 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს “ალკომი”;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა სამი დღის ვადაში;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი