წვდომის მენიუ

შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 1 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2007

მიღების თარიღი იანვარი 05, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა”  სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს:   შპს  ”ახალ ქსელებსა” და  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის 62, 66, 67, 68 ასს-ების ზონებში სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების პირობების დადგენა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №201/16 გადაწყვეტილების საფუძველზე მხარეებს დაუდგინდათ ერთკვირიანი ვადა კომისიაში  ხელშეკრულების პროექტის წარმოსადგენად, რაც სს  ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან არ შესრულებულა. შპს ”ახალ ქსელები” ითხოვს, კომისიამ დაადგინოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ახალ ქსელებს”  შორის 62, 66, 67, 68 ასს-ების ზონაში სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების პირობები.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 5 იანვარს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს  ”ახალი ქსელების” წარმომადგენელები: ნ. ჟღენტი, ხ. ინჯია, ხოლო  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური და დ. ვადაჭკორია.

შპს  ”ახალი ქსელების” წარმომადგენელებმა აღნიშნეს რომ,  სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს  ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, აღნიშნული კომპანია კომისიის მიერ მიჩნეულია რა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად, აქედან გამომდინარე ეკისრება კანონითა და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზრვრული ვალდებულებანი, კერძოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვა და ქსელის ელემენტებთან  დაშვების ვალდებულება; კომისიის №201/16 გადაწყვეტილების საფუძველზე, მას ასევე დაევალა შპს ”ახალ ქსელებთან” 62,66, 67,68 ასს-ების ზონებში სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, რასაც სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ ასრულებს. შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები” ითხოვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მოახდინოს ორ ავტორიზებულ პირს შორის წარმოშობილი დავის დარეგულირება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს ”ახალ ქსელებთან” სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიამ თვითონ დადგინოს ხელშეკრულების არსებითი  პირობები.

შპს  ”ახალი ქსელების” წარმომადგენელების მოთხოვნას არ დაეთანხმნენ სს  ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები და აღნიშნეს, რომ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება ამომწურავად განსაზღვრულია  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, სადაც კომისიისათვის კერძო სამართლის სუბიექტებს შორის გარიგების პირობების დადგენის უფლებამოსილება განსაზღვრული არ არის.  შესაბამისად, ვინაიდან დავის საგანი არ უკავშირდება კომისიის მიერ მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, მათ დააყენეს შუამდგომლობა კომისიამ იმსჯელოს ამ დავსათან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ის უფლებამოსილია განიხილოს ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. გარდა ამისა, ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე სპეციფიკური ვალდებულება და განახორციელოს ამ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი. კომისია, აგრეთვე აღნიშნავს რომ ვერ დააკმაყოფილებს შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების პირობების დადგენის თაობაზე, ვინაიდან,  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ის უფლებამოსილია დაადგინოს მხოლოდ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები. ამასთან, კომისია ითვალისწინებს იმას რომ, კომისიის №201/16 გადაწყვეტილებით, სადავო საკითხზე ორივე მხარეს დაევალა წარმოედგინათ სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ურთიერთშეთანხმებული პირობები, რაც არ მომხდარა  სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაურკვეველი პოზიციის გამო.

აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია რომ,  საქმის არსებითად განხილვისას, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მტკიცებულებათა შეფასების გზით, თუ კომისია მივა დასკვნამდე, რომ კანონით განსაზღვრულ   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ვალდებულებების ფარგლებში ან კომისიის დადგენილებისა და გადაწყვეტილების შესრულების ნაწილში სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქმედებაში არსებობს ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან დარღვევის ფაქტები, კომისია ამ ფარგლებში იქნება უფლებამოსილი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   დაინიშნოს  შპს  ”ახალ ქსელებსა” და  სს  ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 18 იანვარს 16:00 საათზე;

2.  დავის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს;

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის   წევრები:                                                        

დ. პატარაია

 გ. ფრუიძე

 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები