რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2007
მიღების თარიღი იანვარი 12, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №528/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად .
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 25 დეკემბრის 17:00 საათი, აუქციონის ჩატარების თარიღად - 2007 წლის 12 იანვრის 14:00 საათი. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა - 18,825.60 (თვრამეტი ათას რვაას ოცდახუთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარით;
ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინა შპს ”დელტანეტმა”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”დელტანეტი”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2007 წლის 12 იანვრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”დელტანეტი”-ს დირექტორი ბატონი პ.ქიქოძე.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”დელტანეტი”-ს დირექტორმა - ბატონმა პ.ქიქოძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის (942 - ცხრაას ორმოცდაორი ლარი) საერთო ოდენობის - 19,767.60 (ცხრამეტი ათას შვიდას სამოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”დელტანეტი” რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 19,767.60 (ცხრამეტი ათას შვიდას სამოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ”დელტანეტმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (5,930.28 - ხუთი ათას ცხრაას ოცდაათი ლარი და ოცდარვა თეთრის) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1,882.56 (ერთი ათას რვაას ოთხმოცდაორი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ანუ 4,047.72 (ოთხი ათას ორმოცდაშვიდი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 12 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043021;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (13,837.32 - ცამეტი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის საფინანო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) შპს ”დელტანეტი”-სთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი