შპს ”სპეცსერვისი 008” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 23, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სპეცსერვისი 008”-მ (19.02.2007 №7/44-07) სამნიშნა ნუმერაციის რესურს 008-ით სარგებლობასთან დაკავშირებით.
როგორც შპს ”სპეცსერვისი 008”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანიას ნუმერაციის რესურსი ესაჭიროება ქვეყნის მასშტაბით შემდეგი სახის მომსახურების განსახორციელებლად: საინფორმაციო, სადისპეჩერო, საკონსულტაციო ”ცხელი ხაზის” ორგანიზებისათვის, ასევე სხვადასხვა სახის სატელეფონო მარკეტინგისა და სარეკლამო მომსახურებისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”სპეცსერვისი 008”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”სპეცსერვისი 008”-ს ნუმერაციის რესურსი 008.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”სპეცსერვისი 008”-ს ნუმერაციის რესურსი - 008 (ნული-ნული-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2008 წლის - 23 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. შპს ”სპეცსერვისი 008” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”სპეცსერვისი 008” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”სპეცსერვისი 008”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
