წვდომის მენიუ

შპს ”მაქსტელკომსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 116 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2007

მიღების თარიღი მარტი 09, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”მაქსტელკომმა”  სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის”   მხრიდან სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 შპს  ”მაქსტელკომს” სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” 2006 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული აქვს № 592 ხელშეკრულება სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ, რომლის თანახმადაც შპს “მაქსტელკომს” ეძლევა ნებართვა სატელეფონო კანალიზაციაში კაბელების ჩადებაზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებზე: ასს-37-დან ალ. ყაზბეგის №24-მდე (შესრულებულია), რუსთაველის გამზ. 31-დან ასს 37-მდე (შესრულებულია). ალ. ყაზბეგის №24-დან ალ. ყაზბეგის №34-მდე (შესასრულებელია).  ხელშეკრულებით განსაზღვრულ აღნიშნულ მესამე მიმართულებაზე შპს ”მაქსტელკომის” მიერ ვერ ტარდება სამუშაოები, რადგანაც სს ”გაერთიანებული სატელეკომუნუკაციო კომპანია” მიუხედავად მისი არაერთგზის თხოვნისა, არ აძლევს კაბელის ჩასადებად სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 9 მარტს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს  ”მაქსტელკომის” წარმომადგენლები: ლ. გიორგობიანი, ზ. სამხარაძე, ხოლო  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური და ლ. სონიშვილი.

შპს ”მაქსტელკომი” ითხოვს, დაავალოს კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გასცეს ნებართვა  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მესამე მიმართულებაზე კაბელის ჩასადებად სამუშაოების დასაწყებად, თანახმად მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა.

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა დაადასტურეს შპს ”მაქსტელკომსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის 2006 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ და მოითხოვეს კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტისაგან სადავო მიმართულებაზე შემოწმების ჩატარება, კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობის დასადგენად. თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” თანახმა იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მესამე მიმართულებაზე მისცეს ნებართვა შპს ”მაქსტელკომს” კაბელის ჩასადებად.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  დაინიშნოს  შპს  ”მაქსტელკომსა” და  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 16 მარტს 16:00 საათზე.

2.  დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს შპს ”მაქსტელკომის” მოთხოვნის შესრულების ტექნიკური შესაძლებლობის შემოწმება 2007 წლის 16 მარტამდე;

3.  დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

5.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის  თავმჯდომარე         დ. ქიტოშვილი

  წევრები:                              დ. პატარაია

                                             გ. ფრუიძე                                                      

                                             ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები