შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2007
მიღების თარიღი მარტი 09, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: კომისიის 2006 წლის 11 მაისის №201/16 გადაწყვეტილების საფუძველზე მხარეებს დაუდგინდათ ერთკვირიანი ვადა კომისიაში ხელშეკრულების პროექტის წარმოსადგენად, რაც არ შესრულებულა. შპს ”ახალ ქსელები” ითხოვს, კომისიამ დაადგინოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის 62, 66, 67, 68 ასს-ების ზონაში სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების პირობები.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 9 მარტს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენლები: ნ. ჟღნტი, ხ. ინჯია. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები: უ. სეთური, ლ. სონიშვილი.
შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელებმა აღნიშნეს რომ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, აღნიშნული კომპანია კომისიის მიერ მიჩნეულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად, მას ეკისრება კანონითა და კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებანი, კერძოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვა და ქსელის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება; კომისიის №201/16 გადაწყვეტილების საფუძველზე, მას ასევე დაევალა შპს ”ახალ ქსელებთან” 62, 66, 67, 68 ასს-ების ზონებში სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, რასაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ ასრულებს. შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები” ითხოვს კომისიამ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, მოახდინოს ორ ავტორიზებულ პირს შორის წარმოშობილი დავის დარეგულირება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს ”ახალ ქსელებთან” სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიამ თვითონ დადგინოს ხელშეკრულების არსებითი პირობები.
შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელების მოთხოვნას არ დაეთანხმა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური და აღნიშნა, რომ კომისიის უფლებამოსილება ამომწურავად განსაზღვრულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, სადაც კომისიისათვის კერძო სამართლის სუბიექტებს შორის გარიგების პირობების დადგენის უფლებამოსილება განსაზღვრული არ არის (გარდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენისა), შესაბამისად იგი წარმოადგენს კონტრაგენტი მხარეების დამოუკიდებელ კომპეტენციას.
აღსანიშნავია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილ იქნა სახაზო-საკაბელო წყვილებით სარგებლობის (იჯარის) ხელშეკრულების კორექტირებული პროექტი, რაც გადაეცა ასევე მოწინააღმდეგე მხარესაც. ამ პროექტზე შპს ”ახალი ქსელების” მიერ გამოთქმულ იქნა შენიშვნები, კერძოდ, ისინი არ ეთანხმებიან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის ” წყვილის გადართვის საფასურს (40 ლარი), ვინაიდან მსგავს მომსახურებაში ”ახალი ქსელები” არ იღებს არანაირ საფასურს. მათ ასევე მიუღებლად მიაჩნიათ აღნიშნული ხელშეკრულების დადება მხოლოდ ერთი თვის ვადით, აგრეთვე მიაჩნიათ, რომ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არა სახაზო-საკაბელო წყვილებით სარგებლობის (იჯარის), არამედ ამ წყვილებით მომსახურების გაწევის თაობაზე.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გაზიარებულ იქნა ხელშეკრულების არანაკლებ სამი თვით გაფორმების შესახებ შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა, ამავე ხელშეკრულების ავტომატურად იმავე ვადით გაგრძელების პირობით, თუ ერთ-ერთი მხარე არ განაცხადებს ხელშეკრულების შეწყვეტაზე წინასწარ.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ის უფლებამოსილია განიხილოს ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
კომისია, აღნიშნავს რომ ვერ დააკმაყოფილებს შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების პირობების დადგენის თაობაზე, ვინაიდან, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ის უფლებამოსილია მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დაადგინოს მხოლოდ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები.
ამასთან კომისიას მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან სახაზო-საკაბელო წყვილებით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დღემდე გაუფორმებლობა არ შეესაბამება კომისიის ამავე საკითხზე მიღებულ 2006 წლის 11 მაისის №201/16 გადაწყვეტილების მეორე პუნქტს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სახაზო-საკაბელო წყვილებით სარგებლობის შესახებ შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც მომსახურების, ასევე იჯარის ხელშეკრულება, რაც მხარეთა შეთანხმების საგანია. აღნიშნული გამომდინარეობს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ) ქვეპუნქტის კონტექსტიდან, სადაც დაშვება განმარტებულია, როგორც ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით ან მათი გამოყენებით განხორციელებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნვეყოფა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყონ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” და შპს ”ახალმა ქსელებმა” 62, 66, 67, 68 ასს-ების ზონებში სახაზო საკაბელო წყვილებით სარგებლობის თაობაზე სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ან სახაზო საკაბელო წყვილების იჯარის ხელშეკრულების გაფორმება და კომისიაში ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი პირის წარმოდგენა 1 კვირის ვადაში;
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
