შპს ”ახტელსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის თაობაზე წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2007
მიღების თარიღი მარტი 09, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ახტელმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და კაბელების ჩაჭრით აბონენტთა გათიშვის ფაქტები.
შპს ”ახტელს” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული №8 ხელშეკრულების თანახმად, ნაქირავები აქვს სახაზო წყვილები, რომლის ქირასაც, თანახმად ხელშეკრულების პირობებისა, იხდის შპს ”ახტელი”. შპს ”ახტელის” განცხადებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს კაბელების ხელოვნურად დაზიანების შემთხვევებს, კერძოდ მის მიერ გადაჭრილ იქნა ის კაბელები, რომელშიც შპს ”ახტელს” ნაქირავები აქვს წყვილები, რის შედეგადაც, ქ. თბილისის მეტრომშენის დასახლებაში გათიშულია 81 აბონენტი. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” გათიშულ აბონენტებს სთავაზობს საკუთარ მომსახურებას, თუ ისინი გადავლენ 78-ის ასს-ზე, რითაც სახეზეა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია.
შპს ”ახტელი” ითხოვს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 9 მარტს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახტელის” წარმომადგენელები: ნ. ჟღენტი, ხ. ინჯია, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური და ლ. სონიშვილი.
შპს ”ახტელის” წარმომადგენელებმა აღნიშნეს რომ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება იმაში რომ, აღნიშნული კომპანია დაზიანებულ აბონენტებს ნაცვლად გადაჭრილი კაბელების აღდგენისა სთავაზობს საკუთარ მომსახურებას. მათი განცხადებით, სულ ასეთი გადაბირების 18 ფაქტს ჰქონდა ადგილი.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი: უ. სეთური არ დაეთანხმა შპს ”ახტელის” წარმომადგენელების განცხადებას და აღნიშნა რომ, მათი კომპანიის მიერ ადგილი არ ჰქონია კაბელების განზრახ დაზიანებასა და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, რის დასადასტურებლადაც კომისიას მტკიცებულებათა სახით წარმოუდგინა მოქალაქეების ე. ჩუბინიძის, რ. ყავლაშვილისა და ი. კარაპეტიანის განცხადებები, სადაც ისინი არ ადასტურებენ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლის ფაქტებს და აღნიშნავენ, რომ შპს ”ახტელის” მომსახურებიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომსახურებაზე გადავიდნენ პირადი სურვილის გამო.
რაც შეეხება დანარჩენ გათიშულ აბონენტებს, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული განმეორებითი შემოწმების თანახმად, ამჟამად ქ. თბილისის მეტრომშენის დასახლების მე-11 კარადაში კაბელის გაწყვეტისა და შპს ”ახტელის” მიერ მითითებული აბონენტების გათიშვის ფაქტები უკვე აღმოფხვრილია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან კაბელების ხელოვნურად დაზიანებისა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები არ დასტურდება. ყველა დაზიანება დღეის მდგომარეობით აღმოფხვრილია და, შესაბამისად, არ არსებობს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ სანქციის გამოყენების საფუძველი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ახტელის” 2006 წლის 22 ნოემბრის №6/879-06 განცხადების თაობაზე;
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
