“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2007
მიღების თარიღი მარტი 16, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2006 წლის 17 ნოემბერს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული დადგენილება უნდა მიღებულიყო 2007 წლის 1 აპრილამდე. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, მისი მიღება უნდა განხორციელდეს ლიცენზიის მფლობელებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომის დღისათვის – 2007 წლის 16 მარტისათვის საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის გარდა (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, არარეგისტრირებულ კავშირ “ახალგაზრდულ ინიციატივის”, ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიცია “მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის”, “მშობელთა კავშირის”, კავშირ “იბერიანასა” და ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის, წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლისა და მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის კავშირის გარდა) პროექტზე მუშაობაში არ ჩართულან საზოგადოების სხვა დაინტერესებული ჯგუფები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც ერთი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელისაგან არ შემოსულა არანაირი წინადადება ან შენიშვნა კომისიის მიერ გადამუშავებული პროექტის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამომდინარე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლიდან, კომისიამ თხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტს “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მიღების ვადის კიდევ 2 თვით – 2007 წლის 1 ივნისამდე გადაწევის თაობაზე.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ,
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის ხდომა 2007 წლის 18 მაისამდე;
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი
წევრები : დავით პატარაია
გიორგი ფრუიძე
ზურაბ ნონიკაშვილი
