წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომსა” და შპს ”მაქსტელს ” შორის დავის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 133 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2007

მიღების თარიღი მარტი 16, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 20 თებერვალს №6/133-07 განცხადებით მიმართა შპს ”მაგთიკომმა”  შპს ” მაქსტელთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: შპს ”მაგთიკომს”  შპს ” მაქსტელთან”  2006 წლის  24  იანვრიდან დადებული აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე შპს ”მაქსტელს” შპს ”მაგთიკომის”   მიმართ დაუგროვდა დავალიანება, რომელმაც 2007 წლის 1 იანვრისთვის ძირითადი დავალიანების სახით  შეადგინა 28342.54. ლარი.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 16  მარტს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ  შპს  ”მაგთიკომისა” და  შპს  ”მაქსტელის ” წარმომადგენლები.

    შპს ”მაგთიკომის”  მოთხოვნას წარმოადგენს: დაავალოს კომისიამ შპს ”მაქსტელს”  უმოკლეს ვადაში დაფაროს შპს ”მაგთიკომის”  მიმართ არსებული დავალიანება შესაბამისი საურავებითურთ, რომელზეც შპს ”მაგთიკომს”, თავის მხრივ, წინასწარ გადახდილი აქვს სათანადო გადასახადები საქართველოს ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ფუნქციები ამომწურავად განსაზღვრულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით.  აღნიშნული კომპეტენციის შესაბამისად, კომისია არეგულირებს ავტორიზებული პირების ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკურ და სამართლებრივი ურთიერთობის პირობებს, კერძო კომპანიებს შორის საკუთრების უფლებიდან გამომდინარე  ქონებრივი დავები არ ხვდება კომისიის კანონით განსაზღვრულ ფუნქციებში. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს კომისიის მარეგულირებელ ფუნქციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს  ”მაგთიკომსა” და  შპს  ”მაქსტელს” შორის არსებული დავის განხილვის თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                 დ. ქიტოშვილი

წევრები:                                                                                       გ. ფრუიძე

                                                                                                    ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები