შპს ”მაგთიკომსა” და შპს ”მაკროკომს ” შორის დავის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2007
მიღების თარიღი მარტი 16, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 20 თებერვალს №6/132-07 განცხადებით მიმართა შპს ”მაგთიკომმა” შპს ”მაკროკომთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი: შპს ”მაგთიკომს” შპს ” მაკროკომთან ” 2004 წლის 1 სექტემბერს დადებული აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე შპს ”მაკროკომს” შპს ”მაგთიკომის” მიმართ დაუგროვდა დავალიანება, რომელმაც 2007 წლის 1 იანვრისათვის ძირითადი დავალიანების სახით შეადგინა 28739.65 ლარი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 16 მარტს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ შპს ”მაგთიკომისა” და შპს ”მაკროკომის ” წარმომადგენლები.
შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნას წარმოადგენს: დაავალოს კომისიამ შპს ”მაკროკომს” უმოკლეს ვადაში დაფაროს შპს ”მაგთიკომის” მიმართ არსებული დავალიანება შესაბამისი საურავებითურთ, რომელზეც შპს ”მაგთიკომს”, თავის მხრივ, წინასწარ გადახდილი აქვს სათანადო გადასახადები საქართველოს ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ფუნქციები ამომწურავად განსაზღვრულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით. აღნიშნული კომპეტენციის შესაბამისად, კომისია არეგულირებს ავტორიზებული პირების ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკურ და სამართლებრივი ურთიერთობის პირობებს. კერძო კომპანიებს შორის საკუთრების უფლებიდან გამომდინარე ქონებრივი დავები არ ხვდება კომისიის კანონით განსაზღვრულ ფუნქციებში, შესაბამისად, მათი განხილვა წარმოადგენს არა კომისიის, არამედ სასამართლოს პრეროგატივას, ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს კომისიის მარეგულირებელ ფუნქციას.
კომისია ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომსა” და შპს ”მაკროკომს ” შორის 2004 წლის 1 სექტემბერს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, თუ კი მხარემ არ უზრუნველყო ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების დაფარვა, მეორე მხარე უფლებამოსილია წინასწარი მოლაპარაკების გარეშე მიმართოს ქვეყნის სასამართლო ორგანოებს მისი დარღვეული უფლებების აღდგენის სარჩელით, სანქციების გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაგთიკომსა” და შპს ” მაკროკომს” შორის არსებული დავის განხილვის თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
