წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომსა” და შპს ”საქტელეკომ პლიუსს” შორის დავის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 136 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2007

მიღების თარიღი მარტი 16, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 20 თებერვალს №6/131-07 განცხადებით მიმართა შპს ”მაგთიკომმა”  შპს ”საქტელეკომ  პლიუს”-თან  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი: შპს ”მაგთიკომს”  შპს ”საქტელეკომ  პლიუს”-თან  2003 წლის  8 იანვარს დადებული აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე შპს ”საქტელეკომ  პლიუსს” შპს ”მაგთიკომის”   მიმართ დაუგროვდა დავალიანება, რომელმაც 2007 წლის 1 იანვრისათვის ძირითადი დავალიანების სახით შეადგინა 412890.72 ლარი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 16 მარტს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ შპს  ”მაგთიკომისა” და  შპს  ”საქტელეკომ  პლიუსის ” წარმომადგენლები.

  შპს ”მაგთიკომის”  მოთხოვნას წარმოადგენს: დაავალოს კომისიამ შპს ”საქტელეკომ  პლიუს”  უმოკლეს ვადაში დაფაროს შპს ”მაგთიკომის”  მიმართ არსებული დავალიანება შესაბამისი საურავებითურთ, რომელზეც შპს ”მაგთიკომს”, თავის მხრივ, წინასწარ გადახდილი აქვს სათანადო გადასახადები საქართველოს ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ფუნქციები ამომწურავად განსაზღვრულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით.  აღნიშნული კომპეტენციის შესაბამისად, კომისია არეგულირებს ავტორიზებული პირების ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკურ და სამართლებრივი ურთიერთობის პირობებს. კერძო კომპანიებს შორის საკუთრების უფლებიდან გამომდინარე  ქონებრივი დავები არ ხვდება კომისიის კანონით განსაზღვრულ ფუნქციებში, შესაბამისად, მათი განხილვა წარმოადგენს  არა კომისიის, არამედ სასამართლოს პრეროგატივას, ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს კომისიის მარეგულირებელ ფუნქციას.

 კომისია ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომსა”  და  შპს ”საქტელეკომ  პლიუსს”  შორის  2003 წლის  8 იანვარს დადებული  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, თუ კი მხარე არ უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების დაფარვას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მეორე მხარე უფლებამოსილია წინასწარი მოლაპარაკების გარეშე მიმართოს სასამართლოს მისი დარღვეული უფლებების აღდგენის სარჩელით, პირგასამტეხლოს გათვალისწინებით. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის,  38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს  ”მაგთიკომსა” და  შპს  ” საქტელეკომ  პლიუსს” შორის არსებული დავის თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                 დ. ქიტოშვილი

წევრები                                                                                         გ. ფრუიძე

                                                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები