წვდომის მენიუ

შპს ”მაქსტელკომსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 138 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2007

მიღების თარიღი მარტი 16, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”მაქსტელკომმა”  სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის”   მხრიდან სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 შპს  ”მაქსტელკომს” სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” 2006 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული აქვს № 592 ხელშეკრულება სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ, რომლის თანახმადაც შპს ”მაქსტელკომს” ეძლევა ნებართვა სატელეფონო კანალიზაციაში კაბელების ჩადებაზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებზე: ასს-37-დან ალ. ყაზბეგის №24-მდე (შესრულებულია), რუსთაველის გამზ. 31-დან ასს 37-მდე (შესრულებულია). ალ. ყაზბეგის №24-დან ალ. ყაზბეგის №34-მდე (შესასრულებელია). ხელშეკრულებით განსაზღვრულ აღნიშნულ მესამე მიმართულებაზე შპს ”მაქსტელკომის” მიერ ვერ ტარდება სამუშაოები, რადგანაც სს ”გაერთიანებული სატელეკომუნუკაციო კომპანია” მიუხედავად მისი არაერთგზის თხოვნისა, არ აძლევს კაბელის ჩასადებად სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას.

შპს   ”მაქსტელკომი”  ითხოვს, დაავალოს კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გასცეს ნებართვა  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მესამე მიმართულებაზე კაბელის ჩასადებად სამუშაოების დასაწყებად, თანახმად მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 9 მარტს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ამავე სხდომაზე აღნიშნა, რომ არ არსებობს ტექნიკური პირობა, რის გამოც შპს   ”მაქსტელკომს”  უკან დაუბრუნდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ის ნაწილი, რაც გადახდილი იყო ალ. ყაზბეგის №24-დან ალ. ყაზბეგის №34-მდე სატელეფონო კანალიზაციის მესამე მიმართულებაზე.    კომისიამ ამავე დღეს მიიღო გადაწყვეტილება, სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე და კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს დაავალა შპს ”მაქსტელკომის” მოთხოვნის შესრულების ტექნიკური შესაძლებლობის შემოწმება და შესაბამისი შემოწმების აქტის  წარმოდგენა 2007 წლის 16 მარტამდე.

2007 წლის 16 მარტს გაიმართა დავის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს  ”მაქსტელკომის” წარმომადგენლები: ლ. გიორგობიანი, ზ. სამხარაძე, ხოლო  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური და დ. გოზალაშვილი.

კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს ”მაქსტელკომის” მოთხოვნის შესრულების ტექნიკური შესაძლებლობის შემოწმების აქტი № 05 / 2007, საიდანაც ირკვევა რომ ალ. ყაზბეგის №24-დან ალ. ყაზბეგის №34-მდე სატელეფონო კანალიზაციის მილი არის დაზიანებული. მასში სატელეფონო კანალიზაცია არ მოძრაობს, გაუქმებულია კაბელები.

სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის  უ. სეთურის განცხადებით, ალ. ყაზბეგის №24-დან ალ. ყაზბეგის №34-მდე  კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს, პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, შპს  ”მაქსტელკომის” მომართვის შემთხვევაში, შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა ალტერნატიული მარშრუტი.

შპს  ”მაქსტელკომის” წარმომადგენლების განცხადებით, სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან კაბელის ჩასადებად ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზება მათთვის მისაღები იქნება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე  მუხლისა და  42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  დამტკიცდეს შპს  ”მაქსტელკომსა” და  სს  ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის მორიგება სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ, მათ შორის 8.09.2006 წელს გაფორმებულ  №592 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ალ. ყაზბეგის №24-დან ალ. ყაზბეგის №34-მდე მესამე მიმართულების ნაცვლად,  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს  ”მაქსტელკომის” ალტერნატიული მარშრუტით დაკმაყოფილების თაობაზე.

2.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო          სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის  თავმჯდომარე          დ. ქიტოშვილი

  წევრები:                               გ. ფრუიძე

                                             ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები