სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის ” ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2007
მიღების თარიღი მარტი 16, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, იგი უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2007 წლის 10 იანვარს კომისიაში შემოვიდა შპს ”ახალი ქსელების” წერილი, რომლითაც კომპანია იტყობინება, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ არ არის გააქტიურებული ინდექსები მათ სატელეფონო სადგურებში: ქ. ქუთაისში 11000-14999, ქ. სამტრედიაში 30000-39999, ქ. ზესტაფონში 40000-49999 და ქ. ფოთში 40000-44999 და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედებით ირღვევა შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები.
აღნიშნულის თაობაზე, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის (მ. გოთოშია) მიერ ჩატარდა შემოწმება და დადგინდა, რომ 2007 წლის 7 მარტის მდგომარეობით არ ხორციელდება ზარები ქ. თბილისიდან ქ. ქუთაისში 1-იან ინდექსზე, ქ. ფოთში 4-იან ინდექსზე და ქ. სამტრედიაში 3-იან ინდექსზე.
ზემოაღნიშნული შემოწმების აქტი (03/2007.07.03.2007) გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, რომელიც აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ყველა ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლის მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის და ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. ამასთან, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” წარმოადგენს დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიმწოდებელს, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება და ურთიერთჩართვის მიწოდება.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა რომ, მხარეებს შორის ურთიერთჩართვა ფიზიკურად შეწყვეტილი არ არის, გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებაც, მაგრამ ფაქტიურად ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში, ქ. სამტრედიაში ზემოაღნიშნულ ინდექსებზე კომპანიების აბონენტთა შორის დაკავშირება შეუძლებელია, რაც თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ მხარეებს შორის ურთიერთჩართვა არ ხორციელდება სრულყოფილად.
კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არის ერთიანი ქსელის მფლობელი, შესაბამისად, კომპანიებს შორის არსებული ურთიერთჩართვა შპს ”ახალი ქსელების” აბონენტებსა და სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებს შორის დაკავშირების უზრუნველყოფასაც ქსელის ნებისმიერ შეთანხმებულ წერტილში. შპს ”ახალი ქსელებსა” და სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს ან ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, რაც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით.
კომისია განმარტავს, რომ დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიზანი ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე არის, სწორედ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ქსელის ოპერატორი კომპანიების მომხმარებლებს (აბონენტებს) შორის შეუფერხებელი დაკავშირების უზრუნველყოფა.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის არსებული ურთიერთჩართვის ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში, ქ. სამტრედიაში არსებული შეფერხებით, ზარალდებიან ორივე მხარის აბონენტები, კომისიას მიაჩნია რომ შპს ”ახალი ქსელებისა” და სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებს შორის დაკავშირების შესაძლებლობა უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და დ) ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) და გ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”ახალი ქსელებისა” და სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებს შორის დაკავშირების აღდგენა 1 კვირის ვადაში, საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შპს ”ახალი ქსელების” შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული დაშვების უზრუნველყოფის გზით - შპს ”ახალი ქსელების” კუთვნილი სატელეფონო ინდექსების გააქტიურებით.
2. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) ამ გადაწყვეტილების ქალაქებში ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, აღსრულების შემოწმება და შესაბამისი შემოწმების აქტის წარმოდგენა ერთი კვირის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
