წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომის” განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 143 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2007

მიღების თარიღი მარტი 16, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მაგთიკომმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა  შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელმაც 2007 წლის  1 იანვრისათვის შეადგინა 42004.64  ლარი.               

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მხრიდან აღიარებულია ვალი, რასაც ადასტურებს შპს ”მაგთიკომის” და შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მთავარი ბუღალტრების მიერ შედგენილი ურთიერთშედარების აქტი.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შემოსულია შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” წერილი (12.03.2007. №6/222-07) სადაც იუწყებიან, რომ შპს ”მაგთიკომთან” მიღწეულ იქნა შეთანხმება ვალის ეტაპობრივად დაფარვაზე და დავალიანება სრულად იქნება დაფარული 2007 წლის 1 აპრილისათვის.

შპს ”მაგთიკომმა” კომისიის 2007 წლის 16 მარტის სხდომაზე დაადასტურა, რომ მიმდინარეობს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად აღარ მოითხოვს თანხმობის მიცემას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია

              გადაწყვიტა:

1.   შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაგთიკომის” განცხადების თაობაზე;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                             დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                       ზ. ნონიკაშვილი                                                                                                                                                                                           

                                                                                      გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები