შპს ”გამა”-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2007
მიღების თარიღი მარტი 16, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 18 იანვრის N33/8 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა აუქციონი ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2007 წლის 12 მარტის 17:00 საათი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა შპს ”გამამ”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ აქვს რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2007 წლის 18 იანვარი N33/8 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ვადა შპს ”გამა”-ს 2007 წლის 27 მარტამდე წარმოადგინოს რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე; ნ.ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”გამა”-სთვის გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
